მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2023 წლიდან მეფრინველეობის სექტორში ფასების გარდაუვალ ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, იანვარ-თებერვლიდან „კუმისი“ ფასების შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს, კვერცხი 3-4 თეთრით გაძვირდება, ქათმის ხორცი კი 10-12%-ით.
ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, კომპანიაში ფასების ზრდას შემოდგომაზეც ვარაუდობდნენ, თუმცა რამდენიმე ფაქტორმა დადებითად იმოქმედა და ფასები შენარჩუნდა.
„ვვარაუდობდით, რომ შემოდგომაზე მოგვიწევდა ფასების გაძვირება, მაგრამ ლარის კურსის გამყარებამ და ზოგიერთმა დადებითმა ფაქტორმა, გაგიკვირდებათ და - რუსეთთან საზღვრის გახსნამ და გადასახადის შემცირებამ საშუალება მოგვცა, რომ კვერცხის და ქათმის ფასები ახალ წლამდე არ გაგვეძვირებინა. გავითვალისწინეთ ყველაფერი, მაქსიმალურად შევამცირეთ ჩვენი მოგების მარჟები და წელს არ გავაძვირეთ არც ხორცი და არც ქათამი. იანვარ-თებერვლიდან ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება,“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.