კვირის ბოლომდე საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, საწვავთან დაკავშირებით კლების ტენდენცია უკვე სახეზეა.
„რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში 2.39 ლარია, დამატებით კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული კამპანიები და 15-თეთრიანი დამატებითი შეღავათები აქვთ. შესაბამისად, პროპორციულად იკლებს პრემიუმის და სხვა საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით, დამატებით 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების რესურსი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები, გავაანალიზეთ ტენდენციები და ვფიქრობ, იქნება ოპტიმალური მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად საწვავზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, თებერვლის განმავლობაში კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.
„მოსახლეობას სურს, რომ კლება ერთ დღეში მოხდეს, თუმცა არსებობს ძვირად შესყიდული ნაშთები. იმ შეთანხმებით, რაც მთავრობას და ბაზრის მოთამაშეებს შორის არსებობს, გულისხმობს გონივრულ მარჟას და არა მხოლოდ კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას“, - თქვა დავითაშვილმა.