სავაჭრო პალატის „ბიზნეს კვლევების სახლის“ კვლევის მიხედვით პანდემია ყველაზე მტკივნეულად შეეხო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
2020 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 80%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით.
გამოკითხულ სასტუმროთა უმეტესობას პანდემიიდან გამომდინარე მოუწია სასტუმროს დროებითი დახურვა, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეგიონებში კონცენტრირდა შიდა ტურიზმზე და თბილისში არსებული სასტუმროების უმეტესობა გადაკეთდა „კოვიდ სასტუმროდ“.
რაც შეეხება 2021 წელს ტურისტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით, გამოკითხულ სასტუმროთა ყველაზე დიდ ნაწილს (37%) სჯერა, რომ წელს შესაძლოა ტურიზმი 2019 წლის დონის 0-30% ფარგლებში იყოს, თუმცა 2019 წლის ტურისტების ნახევარს ან მეტს ჯამურად რესპოდენტების 44% ელოდება.
რაც შეეხება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევებს 2021 წელს, სასტუმროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტების მოზიდვა.
სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლმა“ ახალ კვლევაზე ,,საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021’’ მუშაობა დაასრულა. კვლევის პერიოდში გამოიკითხა ბიზნეს სექტორი, უცხოელი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. ,,ბიზნეს კვლევების სახლი“ ყოველწლიურად გააკეთებს ანალოგიურ კვლევას ბიზნეს მოლოდინების შეფასების მიზნით.