გამოცემა „უნიანი“ ფსიქოლოგიის დოქტორ მარინა ტკალიჩზე დაყრდნობით კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იმ უკრაინელთა 93%, რომელიც იძულებული გახდა რუსეთის შეჭრის გამო ემიგრაციაში წასულიყო, მზადაა ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდეს. კვლევა ჩაატარა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“.
ტკალიჩის თქმით, უკრაინელების მხოლოდ 4% აპირებს ემიგრაციაში დარჩენას.
„ჩვენ ამ პოზიციას ვხსნით, როგორც არჩევანს არჩევანის გარეშე. როდესაც თქვენი გადასახლება იძულებით ხდება, დარჩენის სურვილი დიდად არ გაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ომი გაგრძელდება“, - განმარტა ტკალიჩმა.
კვლევის მიხედვით, ახლა უკრაინელების თითქმის 90% მხარს უჭერს უკრაინის მთავრობას და მის ქმედებებს. ასევე გაიზარდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ნდობის რეიტინგი.
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინა უკვე 4 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. მათგან თითქმის ნახევარი ბავშვია.