ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების რეკორდულმა ზრდამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.
გასულ თვეში ევროზონის 19 ქვეყანაში ინფლაცია რეკორდულად გაიზარდა და 10,7%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების ვარაუდს, რომლებიც ენერგოდეფიციტის ფონზე, ეკონომიკის შემდგომ შემცირებას ელიან.
„ევროზონაში ინფლაცია კვლავ მაღალია. რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება ინფლაცია ამ დონეზე, მთელს ეკონომიკაში მისი გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. ბიზნესმენებსა და მომხმარებლებს კი სამომავლოდ გაუჩნდებათ მაღალი ინფლაციის მოლოდინები და ეს სახიფათოა“, - განაცხადა ECB-ის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთების მატების ტენდენცია აძვირებს იპოთეკურ სესხებს და ზიანს აყენებს კორპორაციულ მსესხებლებს. ამის ფონზე, ბანკების მდგომარეობა იმაზე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს იყო.
ინფლაციის საპასუხოდ ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი გაორმაგდა და 1,5%-მდე გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია.