„ლაპის ლაზული“ - ახალი მარშრუტი აღმოსავლური ტვირთების ევროპისკენ საქართველოს გავლით

„ლაპის ლაზული“ - ახალი მარშრუტი აღმოსავლური ტვირთების ევროპისკენ საქართველოს გავლით

access_time2021-04-29 10:00:14

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. გურამ გურამიშვილი მოხსენებაში სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების განვითარებაზე საუბრობს და ყურადღებას „ლაპის ლაზულის“ მარშრუტსა და სპარსეთის ყურე - შავი ზღვის შეთანხმებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ახლა კოვიდის ჩავლას ელოდებიან, რათა გადაზიდვების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

„საქართველო ბოლო წლებში რაშიც ჩაერთო ეს არის „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის შესახებ შეთანხმება, ასევე მიმდინარეა სპარსეთის ყურე - შავი ზღვის შეთანხმება, რომელიც სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე კორიდორის განვითარებას გულისხმობს. თუმცა, ეს საკმაოდ რთული მარშრუტია, მაგრამ ძალიან პერსპექტიული. ვგულისხმობ იმას, რომ ირანს დაწყებული აქვს 500 კმ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც დამთავრება ამ მარშრუტს სრულყოფილს გახდის, მანამდე ეს მარშრუტი ფუნქციონირებს ავტო გადაზიდვებით. საპილოტე და საცდელი გადაზიდვები შედგა, ველოდებით კოვიდის ჩავლას, რათა ამ მარშრუტის ინტენსივობა ამაღლდეს. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი გულისხმობს ავღანეთიდან შავ ზღვამდე გადაზიდვების ინტერსიფიკაციას. ავღანეთი როგორც დიდი ეკონომიკის მოხმარების ბაზარი ძალიან საინტერესოა და ქართველი ტრეიდერები უკვე დაინტერესებულები არიან გარკვეული პროდუქციის შეტანით და 2020 წელს უკვე პირველი პროდუქციის შეტანა მოხდა. ეს მარშრუტი კოვიდის გამო შენელებულია, თუმცა ინტერსიფიკაციას განიცდის“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

 

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყველაზე მუშა მარშრუტი შავი ზღვა- კასპიის ზღვის კორიდორია. მისი თქმით, ზევით ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს და გააადვილებს ამ მარშრუტში ტვირთების მოძრაობას. გურამიშვილის განცხადებით ამ მარშრუტის მოქნილობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

„შავი ზღვა- კასპიის ზღვის კორიდორი ყველაზე რთული მარშრუტია იქედან გამომდინარე, რომ კასპიის ზღვა ცენტრალურ აზიასთან არის ბუნებრივი ე.წ. ბარიერი და ამის დასაძლევად დარგმა მოახერხა და თავის კოლეგებთან ერთად, ამ შემთხვევაში საქართველოს რკინიგზამ დააყენეს კასპიის ზღვაზე ე.წ. ფიდერული გემი თავიანთი სუბსიდირების პირობით. ჩინეთი ასუბსიდირებს თავის ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონტეინერი რომელიც დაიტვირთა ჩინეთის საზღვართან იმავე საბუთით ჩავა დანიშნულების ადგილზე. ვინაიდან საზღვაო გადაზიდვა იყო გვიწევდა ამ საბუთის შეცვლა, ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის ორგანოებთან თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან, შესაბამისად მოხდა მათი თანხმობა, რომ ამ კონტეინერის საბუთის გამოცვლა აღარ იქნებოდა საჭირო. სატრანსპორტო საშუალების შეცვლაზე შენიშვნა მხოლოდ ხელით გაკეთდებოდა და დამოწმდებოდა, რომ ცვლილება ვალიდურია. სავაგონო გზავნილს, რომელზეც კონტეინერი იდო აღარ იყო საჭირო ამ ვაგონს კასპიის ზღვა გადმოელახა და ფიდერული საკონტეინერო გემით მოვახერხეთ ის, რომ ვაგონიდან დაიცალა გემზე, შემდეგ ბაქოში მოვიდა და საიდანაც დანიშნულების ადგილზე წავიდა. მობილობა გადაზიდვების იმდენად გაიზრდა რომ არცერთი თეთრი არცერთ მხარეს აღარ დაუსუბსიდირებია. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო პროექტი ერთი გემი იყო, კასპიის ზღვაზე დღეს ასეთი სამი გემი მუშაობს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი კორიდორი საინტერესო საერთაშორისო დონეზე. გეტყვით იმისაც, რომ ასეთი ფიდერული გემის დანიშვნა საქართველო - უკრაინას შორისაც იგეგმება, რამაც შავ ზღვაზე ტვირთის გადაზიდვა მეტად მოქნილს გახდის“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

გურამიშვილი ყვება, რომ მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების განვითარება.

 

„სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მით უფრო, რომ გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა ეს ყველაზე რთული მარშრუტია.  ჩრდილოეთი სამხრეთის მარშრუტი რომელიც ცნობილი მოვლენების გამო დღეს სრულფასოვნად არ მუშაობს, აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩაკეტილია ორი ზღვით, შესაბამისად ამ კორიდორში პოზიციონირება ყოველთვის გვიხდება მულტიმოდალურ გადაზიდვებს შორის, რაც არის ყველაზე რთული და ძვირადღირებული გადაზიდვები, შესაბმისად სატრანსპორტო ლოგისტიკური განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების შერჩევა. სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. ასევე მნიშვნელოვნია რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების განვითარება. სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში კვალიფიკაციის დონის ამაღლება და კანონმდებლობის დაახლოვება ევროპულ სტანდარტთან, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოება და უშიშროების ზრდა“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

 

გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროს განსაკუთრებული როლი უკავია. როგორც მინისტრის მოადგილემ მოხსენებისას განაცხადა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ბრიუსელში ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა. მისი თქმით, ჩინეთის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე ოფიციალურად ძალაში 2019 წლის 9 იანვარს შევიდა.

 

„შემუშავდა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2030 წლამდე  განსახორციელებელ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. ეს არის 18 პროექტი, თანხობრივად საკმაოდ მოცულობითი, მათი უმეტესი ნაწილი დაწყებულია და ჩვენ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი კვლევების შედეგად შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ სულ მალე გვექნება აქტივობები. საინვესტიციო გეგმის შემუშავების მიზანია რეგიონში პრიორიტეტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და საჭირო ინვესტიციების მოზიდვა“,- გურამ გურამიშვილი.  

 

მინისტრის მოადგილემ რკინიგზის რესტრუქტურიზაციის მიმართულებით 2022 წლის აგვისტომდე განსახორციელებელ პროექტებსაც გაუსვა ხაზი. გურამ გურამიშვილის განცხადებით ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის კონკრეტულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

 „ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც გვაქვს ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ყველაზე ვიწრო ყელის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზაციას გულისხმობს. საერთო ჯამში11 გვირაბი კეთდება, მათგან ყველზე გრძელი 8,5 კმ -იანია, რომელიც ჩაანაცვლებს ე.წ წრფივ გვირაბს. პროექტი გარდა იმისა, რომ დაამოკლებს მანძილს ასევე უსაფრთხოს გახდის და შეამცირებს ქანობს რაც საშუალებას მისცემს საქართველოს რკინიგზას სიჩქარე გაზარდოს, შესაბმისად წვდომა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის იქნება უფრო მობილური. თუმცა, დარჩება მოკლე მონაკვეთი რომელსაც შემდგომში მოთხოვნისამებრ შეგვიძლია მივუბრუნდეთ და რეკონსტრუქცია გავაკეთოთ.


 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ოფიციალურად ამ პროექტის მშენებლობა ბოლომდე არ დასრულებულა, თუმცა 2017 წლის 23 ნოემბრიდან ჩვენ ამ მონაკვეთზე სატესტო რეჟიმში ვოპერირებთ და გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა. ძირითადი მომხმარებელი ეკონომიკები ამ კორიდორის გახლავთ ცენტრალური აზია - თურქეთი, რუსეთი - თურქეთი და თურქეთი - ჩინეთი. დღიდან გახსნისა 500 000 ტონაა გადაზიდული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სატესტო რეჟიმი რაც გულისხმობს, რომ დღის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მხოლოდ ღამე ვოპერირებთ, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. სამუშაოების 80 პროცენტი დასრულებულია, დარჩენილია 20 პროცენტი რაც ძირითადად არის სატერმინალო სიმძლავრეები თვითონ სადგურ ახალქალაქში, რომელიც არ არის დასრულებული.  

 

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ესეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეგიდით ხორციელდება, ძირითადი იმპლემენტატორი არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისად აქაც წვდომა იქნება და საკმაოდ კონკურენტულ გარემოს მივიღებთ“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

 

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტა საქართველოში იგეგმება რამოდენიმე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, მათ შორის თბილისში და დასავლეთ საქართველოში. მისივე განცხადებით, კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას იძლევა ეკონომიკაში დამატებითი ღირებულების პროდუქტი და კონტრიბუცია შეიტანოს.

 

„დღეს ვინაიდან არ არსებოდა კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრები, რომელიც სხვადსხვა ტრანსპორტით ტვირთის მომსახურების საშუალებას გულისხმობს, ყველა სექტორმა თავის ლოგისტიკური ცენტრები გააკეთა და ეს ცენტრები აწყობილია ავტო გადაზიდვებზე, რაც ეკოლოგიას ხელს არ უწყობს. კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრები იმიტომ არის კარგი, რომ საშუალებას იძლევა ერთი სახის ტრანსპორტიდან გადამუშავდეს ტვირთი და ტრანსპორტის სახეობა იმისდა მიხედვით შეიცვალოს როგორი მოთხოვნილებაც აქვს. შესაბმისად კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას იძლევა დამატებითი ღირებულების პროდუქტი და კონტრიბუცია შეიტანოს ეკონომიკაში იმის ჩათვლით, რომ გადამუშავდეს, დაფასოვდეს და ამ პროდუქტს სხვანაირი სახე მიეცეს. ახლა მიმდინარე ერთი პროექტი გვაქვს, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით უახლოეს პერიოდში დაიწყება, შედეგად თბილისში მივიღებთ კომპლექსურ ლოგისტიკურ ცენტრს, რომელიც გადაამუშავებს როგორც ნაყარ ტვირთს, ასევ საცალო გზავნილებს და საკონტეინერო მომსახურებას გაწევს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა 25 მაისისთვის იგეგმება. როგორც გურამიშვილმა განმარტა, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. რაც შეეხება ბათუმს მისი თქმით, ბათუმის აეროპორტს მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება შეეძლება.

 

„ბათუმის აეროპორტის გაფართოება 2 კვირის წინ დასრულდა და 70 მლნ დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შეგვიძლია, ბათუმში მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება ტურისტული სეზონის ამოქმედებისთანავე. იმედია, კოვიდის ფაქტორის გავლენა რაც შეიძლება მალე გაივლის და ჩვენ შეგვეძლება ამით ვისარგებლოთ. ქუთაისის აეროპორტის გაფართოვებას რაც შეეხება დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 მაისისთვის ჩვენ ვიქნებით მზად ახალი ტერმინალი გავხსნათ.როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის წინ, 2019 წელში მაქსიმალური იყო ამ აეროპორტზე დატვირთვა ტურისტების. ასევე, ბაზირებული იყო „ვიზეარის“ ორი თვითმფრინავი, კერძო კომპანიებსაც ჰქონდათ დიდი ინტერესი. ტურისტული კუთხით არამხოლოდ საქართველოში შემომავალი, ასევე, ქართველებს შეეძლოთ ევროპის ბევრი მიმართულებით სარგებლობა ამ აეროპორტით. ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ქუთაისშიც მზად ვიქნებით“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

 

საკუთარ მოხსენებაში გურამ გურამიშვილს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანაკლიის პორტი. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ახლა იმ კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც, ახალ სატენდერო დოკუმენტაციას მოამზადებს, შესაბამისად მისი თქმით, კონკურის დღე-დღეზე გამოცხადდება.

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მოგეხსენებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტის განხორციელებას, სამწუხაროდ ვერ მოხდა ვალდებულებების შესრულება წინა კონტრაქტორის მიერ, შესაბამისად კონტაქტი შეწყვეტილი იქნა. ახლა მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას მოგვიმზადებს, შესაბამისად კონკურსიც დღე-დღეზე გამოცხადდება. შესაბმისად იმედი გვაქვს, რომ განხორციელებული სამუშაოები და ის დოკუმენტაცია რაც უკვე არსებობს პროექტის შესახებ გააიაფებს შემდგომ ნაბიჯებს და გამოვლინდება ახალი გამარჯვებული და ჩენ ამ პორტს მივიღებთ როგორც მძლავრ ინსტრუმენტს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით“, - განმარტა გურამ გურამიშვილმა.

 

კიდევ ერთი პროექტი რომელზეც მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალია, რომელიც მისი განცხადებით უახლოეს მომავალში გაიხსნება. როგორც გურამიშვილი აცხადებს, ეს პროექტი ტვირთების გადაზიდვის რაოდენობას ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

„ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი უკვე აშენებულია და დღე-დღეზე იქნება გახსნის ცერემონიალი. ძირითადად განკუთვნილია ცენტრალური აზიიდან მომავალი ზღვაზე გასასვლელ სასუქებზე. კერძოდ გეტყვით, რომ თურქმენეთში არის მინერალური სასუქების ქარხანა რომლის წარმადობაც არის 3 მილიონამდე ტონა წელიწადში, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა არ ვიტყვი რომ ეს სამი მილიონი ჩვენს კორიდორში წამოვა, მაგრამ სასაწყობე მეურნეობის არსებობა და ის კონტრაქტები რომელიც არსებობს გვაძლევს იმედს, რომ ტვირთის მნიშვნლოვანი ნაწილი აქ წამოვა და ჩვენ გარანტირებული ტვირთი გვექნება თურქმენული პროდუქციის ექსპორტისთვის. მეტსაც გეტყვით ეს ტვირთი დღეს მოძრაობს, სხვა ფორმით და იტვირთება ფოთიდან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პერსპექტივებს სასუქების კუთხით ცენტრალურ აზიაში, ვინაიდან სასუქი არის მეორადი პროდუქტი იმ ნავთობპროდუქტებისა, რომელსაც მოიპოვებენ ეს ქვეყნები, დღეს საკმაოდ დიდ მოცულობას ანალოგიურ სასუქებს აწარმოებს ყაზახეთიც, უზბეკეთიც და თურქმენეთიც, შესაბმისად პერსპექტივა იმისა, რომ ტვირთი ცივილური ფორმით მოხვდება საქართველოში გაიზარდა და ჩვენი კორიდორი ამ ტერმინალის გაშვებით უფრო მომხიბლავი გახდა“, - განმარტავს გურამ გურამიშვილი.

 

მოხსენებისას გურამ გურამიშვილმა ყურადღება იმ ორმხრივ ხელშეკრულებებზე გაამახვილა, რომელიც სფეროების მიხედვით საქართველოს გააჩნია.

 

„სამოქალაქო ავიაცია - ორმხრივი შეთანხმება გვაქვს 39 ქვეყანასთან და უახლოეს ხანში იგეგმება 15 ქვეყანასთან შეთანხმების გაფორმებას, რაც გულისხმობს თავისუფალ ცას, ჩიკაგოს კონვენციის პირობების გავრცელებას, გულისხმობს ურთიერთგამოყენებას ამ თავისუფალ ცის და თავისუფალ დაშვებას ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე რომელიც იყოს გაზიარებული და ხელს უწყობს განვითარებას საავიაციო მიმოსვლის.

 

საზღვაო ტრანსპორტს რაც შეეხება ორმხრივი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული 17 ქვეყანასთან და იგეგმება 4 ქვეყანასთან. საავტომობილი ტრანსპორტში გაფორმებული გვაქვს 32 ქვეყანასთან, იგეგმება წელს ტაჯიკეთთან გაფორმება ხელშეკრულების, გარდა ტაჯიკეთისა სამ ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკება.

 

ორმხრივი ხელშეკრულება ასევ გაფორმებულია საქართველოს რკინიგზას 10 ქვეყანასთან, ეს სამთავრობო დონეზე, თუმცა მონაწილეობს ბევრ ისეთ პროექტში რომლის განახლებაც ხდება პერმანენტულად და არ საჭიროებს მთავრობის დელეგირებას საჭიროებს უწყებრივს და შესაბამისად უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ხელს უწყობენ კორიდორის განვითარებას“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

 

საკომიტეტო მოსმენისას გურამ გურამიშვილმა ბოლო რამდენიმე წელში საქართველში განხორციელებული გადაზიდვის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა ჯამური ტვირთებზე რომელიც საავტომობილი სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებით განხორციელდა 4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანი ზრდაა საავტომობილო გადაზიდვებში, ხოლო რკინიგზას წინა წელთან შედარებით მიუხედავად იმისა, რომ კლებაა გადაზიდვები 200 000 ტონით გაეზარდა. როგორც გურამიშვილმა აღნიშნა კლებაა სამოქალაქო ავიაციის კუთხითაც, რაც მან პანდემიის გამო ტურისტების ნაკლებობით ახსნა.

 

ბაჩო ადამია

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up