ლარის 2.4-იან ნიშნულამდე გამყარების შემთხვევაში კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი ექსპორტის შეჩერებას გეგმავს. როგორც რევაზ ვაშაკიძე ამბობს, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ეროვნული ვალუტის ასეთი ტემპით გამყარება თანხების დაკარგვას ნიშნავს.
„ლარი კიდევ თუ გამყარდა და ერთი დოლარი 2.4-ს ჩამოცდა, ალბათ ექსპორტს შევაჩერებთ. შეიძლება ითქვას რომ ექსპორტი ჩვენთვის მომგებიანი ახლაც ნაკლებადაა, მაგრამ უფრო მეტად გამყარების შემთხვევაში აზრი საერთოდ ეკარგება. ზოგადად ექსპორტიორი კომპანიები ასეთ დროს მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ“, — ამბობს რევაზ ვაშაკიძე.
მისი თქმით, ლარის გამყარების მთავარი მიზეზი საქართველოში გაზრდილი მიგრანტების შემოსვლა და რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხების შემოდინებაა.
ბოლო პერიოდში ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5461 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5339 ლარი იყო.