რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ლარი მყარდება. ეროვნულმა ვალუტამ, ფსიქოლოგიური, 3.0 ნიშნული გაარღვია და დღევანდელი ოფიციალური კურსით ლარი დოლართან მიმართებით 2.9340 გახდა.
თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო დროს ლარის კურსი არასტაბილური, თუმცა საერთო ჯამში გამყარებისკენ მიმართულია.
„დღევანდელი შეფასებით, ვფიქრობთ რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება, საბაზო სცენარით, წელს დაახლოებით 2.80-ის ფარგლებში იქნება დოლართან მიმართებით. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკაში პროცენტის აწევას არ მოჰყოლია დოლარის გამყარება.
სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება ვფიქრობთ, რომ სწორედ საბაზო სცენარია. ლარის საშუალო კურსის კუთხით, ჩვენი აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. ამავდროულად, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, როდესაც სავარაუდოდ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის მნიშვნელოვან დასუსტებას და ევროს გაძლიერებას ვიხილავთ, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია“, — ამბობს ოთარ ნადარაია.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მაისის საკრედიტო აქტივობა ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა.
ნინო თამაზაშვილი