ლარი გამყარებას განაგრძობს და პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 23 მაისს თბილისის დროით 12:00 სთ-ისთვის 2.8800 შეადგინა, რაც 2020 წლის 12 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კორონავირუსი პანდემიად ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. იმავე დღეს ეროვნულმა ბანკმა 12 მარტის ოფიციალურ კურსად 2.8791 განსაზღვრა. 17 მარტს, პირველად ლარის არსებობის ისტორიაში ლარმა დოლართან მიმართებაში 3.00-იანი ნიშნული გაარღვია. 27 მარტს კი 3.48-ს გადააჭარბა რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად რჩება. ივნისში 1 კვირით კურსი 3.00-ია ნიშნულს ჩამოსცდა, კალენდარული წელი კი 3.2766-იანი კურსით დასრულდა.
2021-ის პირველ კვარტალში გაჩნდა მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურების ახალ რეკორდს მოხსნიდა. მარტში კურსმა 3.40-ს, აპრილში კი 3.45-საც გადააჭარბა, თუმცა სიტუაცია მაისიდან შემობრუნდა. 31 დეკემბერს აშშ დოლარი უკვე 3.0976 ღირდა.
ლარმა 2022 წელი გამყარებით დაიწყო, თებერვალში 2.92-ზეც ჩამოვიდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე კი მყისიერად გაუფასურდა და ორ კვირაში 3.40-ს მიაღწია. სების ერთჯერადი $40 მლნ-იანი ინტერვენცია (გასაყიდად $50 მლნ გამოიტანა), შოკის გასანეიტრალებლად საკმარისი აღმოჩნდა.
მაისის სტატისტიკური მონაცემები უცნობია, აპრილში კი ლარის გამყარების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საფუძველი სავალუტო შემოდინების ზრდა გახდა, ფულადმა გზავნილებმა $300 მლნ-ს გადააჭარბა.
ლარის საკმაოდ მნიშვნელოვანი 15%-იანი გამყარების მიუხედავად ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ნარჩუნდება. აპრილში საქსტატის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები 21.3%-ით კონკრეტულად პური კი 30%-ით გაძვირდა.