ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6009 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 11 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5980 ლარი იყო.
რა გავლენას მოახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის ასეთი გამყარება ქართველი ექსპორტიორებისთვის, მათ შორის მისი კომპანიისთვის უმძიმესია.
„ლარის ასეთი გამყარება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის უმძიმესია, კურსთა სხვაობა ყოველ დღე გვირტყამს. რაც შეეხება იმპორტს, პირიქით სავარაუდოდ სამომხმარებლო ფასებსაც დაწევს. ეროვნული ვალუტის გამყარება ადგილობრივ მრეწველობას და ექსპორტის გაზრდას ხელს არ უწყობს და ამ თვალსაზრისით ეს ცუდია, ლარის გამყარება ხელს უწყობს იმპორტს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია მაღალია. ამ ეტაპზე ლარის გამყარება ინფლაციაზე დადებით გავლენას მოახდეს და იმპორტირებულ პროდუქტზე ფასებს შეამცირებს, რადგან ნაკლები ლარი იქნება საჭირო იგივე პროდუქტის შესაძენად“, — ამბობს ირაკლი იაშვილი.
დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში აქტიურად მყარდება და 2.60-იან ნიშნულს რამდენჯერმე ჩამოცდა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.