ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5563 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5558 ლარი იყო.
რა გავლენას მოახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ელექტრომატარებლებზე გაზრდილ ფასებს.
„ჩვენ შიდა ფასებს ნაწილობრივ ექსპორტით ვაკომპენსირებდით, მაგრამ ახლა ექსპორტიდან შემოსული დოლარი გაზრდილ ფასებს, მათ შორის ელეტქროენერგიასა და ბუნებრივ აირის გადასახადებს ვეღარ აკომპენსირებს, ზოგადად ენერგომატარებლების ფასების კუთხით რთული ვითარებაა. ამ ეტაპზე დამოკიდებული ვართ პროდუქციის ფასებზე, თუ ხილის ფასმა არ მოგვცა საშუალება და წარმოება გაძვირდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ეს ყველაფერი გამოჩნდება ივნისში, როდესაც ხილის მიღებას დავიწყებთ.
ზოგადად ექსპორტს რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად კურსისა, რადგან ეს კომპანიის იმიჯია, თუმცა ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი დააკომპენსირებს თუ არა ელექტრომატარებლებზე გაზრდილ ფასებს ზაფხულში გამოჩნდება“, — ამბობს ვანო გოგლიძე.
კომპანია „კულა“ 2009 წლიდან არსებობს და ამჟამად აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს.