ლარის გამყარება პროდუქციაზე ფასს თუ ვერ დაწევს, შეაჩერებს მოსალოდნელ გაძვირებას - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ ფასები გაზრდილიყო და ლარის კურსი ზრდას დააკომპენსირებს.
„ვინც იჯარას იხდის და ვინც იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარს ნედლეულად, ცხადია მათთვის მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ დიდი პროცენტით, მაგრამ საცალო ფასების კლებაზეც აისახება. არის მეორე შესაძლებლობაც, თუ არ შემცირდა, გაძვირება აღარ მოხდება, რადგან ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რითაც ჩვენმა სექტორმა წელი დაიწყო, ფასები უნდა გაზრდილიყო“, - განაცხადა ჭელიძემ.
მისივე თქმით, 2021 წელს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვები 18%-ით იყო შემცირებული, ახლა კი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
„პანდემიის დროს, თანხის არათანაბარი გადანაწილება მოხდა და ძირითადად დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. დაახლოებით 30% შეზღუდვა იყო და დასაქმებულთა რიცხვი 18%-ით შემცირდა, თუმცა გასული წლის მეორე ნახევრიდან აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ყველა პარამეტრით ზრდა არის, თუმცა ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ 8 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9200 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3338 ლარია.
bpn.ge