ეროვნული ვალუტა სტაბილურობას წინასაახალწლოდ და შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, კრიტიკული მომენტი ლარმა გადალახა ნოემბერ-დეკემბერში და ტრენდი იანვარშიც გარძელდება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ლარს ამყარებს, ფულადი გზავნილების მასშტაბური მატებაა, რამაც ფაქტობრივად ინვესტიციების ფუნქცია შეითავსა და ეკონომიკისთვისაც პანდემიისას მაშველ რგოლად იქცა.
ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ შეიცვლება. თუმცა 10-15 თებერვალი ლარისთვის ის პერიოდია, როცა მის სტაბილურობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
„არსებული კურსი, მინიმუმ 1,5 თვე შენარჩუნდება. ამ პერიოდში მაქსიმალური კურსი 3.12-3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამ პროცესს დიდი ბიძგი მისცა ქართველი ემიგრანტების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობამ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. მან $2-მილიარდიანი ზღვარი გადალახა, რაც ლარზეც შესაბამისად აისახა. გარდა ამისა, ახლა წლის ბოლოა და ტრადიციულად ამ დროს ლარზე მოთხოვნა მეტია, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს. გარდა ამისა, დოლარზე მოთხოვნაც შემცირებულია. ამდენად, ამ ფაქტორების ერთობლიობა საბოლოდ ლარის გამყარებას ემსახურება. თუმცა ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში ვერ გაგრძელდება. იანვრის ბოლოდან 10 თებერვლამდე შესაძლოა ლარი შესუსტდეს. უპირველეს ყოვლისა, ამას დოლარზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს“, - აცახდებს შენგელია.
კერძოდ, როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, არარეზიდენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები დამატებითი ზეწოლაა ლარისთვის, რაც ეროვნულ ვალუტას აუფასურებს.
ამ თვალსაზრისით, როგორც ნიკა შენგელია აღნიშნავს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მავნებლურია, რადგან ლარის გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება.
,,არარეზიდენტებს გზა ხსნილი აქვთ, შეუძლიათ, აქტიურად ფასიანი ქაღალდების შეძენით და რამდენიც სურთ, კაპიტალი გაზიდონ ქვეყნიდან. მართალია, ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება მოცულობა, მაგრამ სჯობდა, ეს ფული ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარებოდა, რის მაგივრადაც სებ-ი ყოველთვის კარს უღებს ე.წ. ცხელ ფულს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში არარეზიდენტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა სწორედ ასეთი ინტერვენციებით დიდი ფული იშოვეს და ქვეყნიდან სერიოზული კაპიტალი გავიდა. წელსაც იგივე ხდება. ცხადია, არარეზიდენტები თუ გადაწყვეტენ, რომ ეს ფული თავის ქვეყანაში გაიტანონ, მოუწევთ დოლარის შესყიდვა, ეს კი ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყებს ოდნავ ისევ გაუფასურებას. ამის შესაჩერებლად სებ-ი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, მეტიც — გზას უხსნის უცხოურ კაპიტალს, ამიტომ გასაგებია რისთვის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი, ძირითადად ემსახურება ვიწრო ინტერესებს, სავალუტო სპეკულანტებს და საბოლოოდ ძირი ეთხრება ეკონომიკას, რომელიც ისედაც დიდ გაჭირვებაშია ეპიდემიური პროცესების გამო “, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ლარისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე (0.3 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე (0.5 პროცენტით) გაუფასურდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის მიმოხილვაში.
რაც შეეხება ლარის კურს მიმდინარე პერიოდში, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0939 ლარი ღირს, ევრო – 3.4946 ლარი.
მარი ჩიტაია