კომერსანტის დილის ეთერში ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ბოლო პერიოდში ლარის გამყარების მიზეზებზე და ფასების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური გამოკითხვით, ტოპ 3 გამოწვევა არსებობს, რასაც საზოგადოება ეკონომიკის მიმართულებით ასახელებს. ეს არის: სიღარიბე, უმუშევრობა და ფასები. ეს 3 მაჩვენებელი ყოველთვის აქტუალურია. განსაკუთრებით - ფასები.
„იქიდან გამომდინარე, რომ დაბალშემოსავლიანი, ღარიბი მოსახლეობა ვართ, ყოველი თეთრით გაძვირებული პროდუქტი ჩვენს მსყიდველუნარიანობასა და ჯიბეზე აისახება. მთავარი გამოწვევა შემოსავლებია. ჩვენ, რომ მაღალბიუჯეტიანები ვიყოთ, ფასების ზრდა ასე მწვავე არ იქნებოდა ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ
ეკონომისტი აცხადებს, რომ ლარის გამყარების 3 მთავარი მიზეზი არსებობს. ესენია: რუსი მიგრანტები; უკვე დამკვიდრებული ტრენდი - ყოველი წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გამყარებულია და მესამე - ლარის და დოლარის მასის თანაფარდობა.
„მთავარი ფაქტორი რუსი მიგრანტებია, რომელთაც შემოიტანეს უცხოური ვალუტა, გაზარდეს მოთხოვნა ლარზე იმიტომ, რომ აქ ტრანზაქციები ლარში უნდა განხორციელდეს. რუსეთიდან მიღებული გზავნილები სარეკორდოდაა გაზრდილი და 100%-ზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, გაზრდილია ლარზე მოთხოვნა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე;
მეორე ფაქტორი არის ტრენდი, რომელიც უკვე წლებია ახასიათებს ლარს - დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყებს გამყარებას და ყოველი წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის დეკემბერთან შედარებით გამყარებულია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში. დოლარზე მოთხოვნა მცირდება. ეს პერიოდი დაბალი ეკონომიკური აქტივობით ხასიათდება. რაც გავლენას ახდენს დოლარის კურსის ფორმირებაზე.
ლარის გამყარების მესამე ფაქტორი ლარის და დოლარის მასის თანაფარდობაა. ეროვნული ბანკის საიტზე ექსელის ცხრილი შეგვიძლია გადმოვწეროთ და ვნახოთ იანვარსა და თებერვალში ფულის მასა მცირდება წინა თვეებთან შედარებით. ნაღდი ფული მიმოქცევაში იანვარში დეკემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული და „ფართო ფულს“ რასაც ვეძახით - ემორაგრეგატს 4%-თაა შემცირებული, ანუ ფულის მასის ამოღება მოხდა. რომ განვმარტოთ, ვთქვათ გვაქვს 100 ლარი და 100 დოლარი, ამ დროს კურსი არის 1/1-ზე, როგორც კი გაიზრდება და გახდება 200 ლარი და დოლარი იგივე დარჩება (100 დოლარი), კურსი 1/2-ზე გაიზრდება. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ის, რომ ლარის მასა შემცირდა და ამანაც თავისი პოზიტიური გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებაზე“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.