„ლარის გაუფასურება თებერვლის ბოლომდე არ მოხდება, შემდეგ კი დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ბოლო თვეებთან შედარებით გამყარდება“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ განუცხადა.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ფულადი შემოდინებები იყო, რაც მიმდინარე წელს შედარებით შემცირდება.
„ზაფხულში ემიგრანტებისგან ჩარიცხვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ თანხამ 510 მილიონამდე დოლარი შეადგინა, გარდა ამისა თანხის დიდი ნაწილი გადმოაქვს ხალხს საზღვარზე და ეს თანხები ჩარიცხვებში არ ჩანს. მასიურად შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, აქ ხსნიან ანგარიშებს და ერიცხებათ თანხები. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება.
საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდის და ლარის კურსის გამყარების მიუხედავად, ფასები და ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენი პროგნოზით, 2023 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა დაიკლებს თუმცა ეს უკვე გაზრდილ ფასებზე მნიშვნელოვან გავლნას ვერ მოახდენს.
რეალურად 6 წლის წინანდელთან შედარებით დღეს პროდუქციის ფასები 65%-ით არის გაზრდილი. ზოგიერთ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, მაგალითად პურზე 12 წლის მონაცემებს, რომ შევადაროთ 100%-ზე მეტად არის გაზრდილი“, — აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6837 ლარი გახდა.