ლარი გამყარებას განაგრძობს, დღეს მოქმედი ოფიციალური კურსია $1/2.5420 ლარი, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5339 ლარი იყო.
როგორ აისახება ეს პროცესი ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქართული აგროპროდუქტის დამფუძნებელმა, ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეულის „კეთილი და პატიოსანის“ მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ ისაუბრა.
„ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება ექსპორტისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან გარდა იმისა რომ ხელფასებს ლარში ვიხდით, ასევე გვიძვირდება პროდუქციაც, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. თუმცა იმხელა ცვლილება რომ დრამატულად შეგვხებოდა, ეს ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა და ვერ ვიტყვი, რომ ექსპორტს აზრი არ აქვს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროდუქციის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი, მათ შორის შესაფუთი მასალები იმპორტით შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ დარგში ლარის გამყარება ვერ ვიტყვი რომ კატასტროფის მომასწავებელია, თუმცა ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გამყარება ჩვენი პროდუციის საექსპორტო მიმზიდველობის შემცირებას ნამდვილად იწვევს“, — ამბობს გიორგი ახალაძე.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.