მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კანონის მიხედვით უძრავი ქონების ფასდადება ლარშია სავალდებულო, ტრანზაქციების 69% მაინც დოლარში ხორციელდება. TBC Capital-ის მონაცემებით, 2021 წელს ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ დოლარში განხორცეილდა.
„უძრავი ქონების ბაზრის მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის გაუფასურებისას ფასები ბევრად სტაბილურია დოლარში ვიდრე ლარში“, - განმარტავენ TBC Capital-ში.
ამასთან, გასულ წელს უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების 39% იპოთეკური სესხის მეშვეობით განხორციელდა. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთს იპოთეკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბაზრის ცვლილებაზე. იპოთეკების უმეტესობა - 77% თბილისზე მოდის, მაშინ როდესაც მაგალითად ბათუმში ეს მაჩვენებელი 7.4%-ია. ბათუმის ბაზრის სპეციფიკა იმიტაც აიხსნება, რომ ადგილზე უძრავ ქონებას უმეტესად უცხოელები ყიდულობენ, რომლებსაც თანხის ერთიანი გადახდა ურჩევნიათ. იპოთეკებზე დაწესებულ შეზღუდვებს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე - კერძოდ 2019 წელს ბაზარმა კლება აჩვენა - რისი მიზეზიც სესხებზე დაწესებული ჭერი იყო. თუმცა უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება და ის უკვე აჭარბებს 2019 წლის მონაცემს, მიუხედავად პანდემიური ჩავარდნისა.