რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტი - ზემო ლარსი დაკეტილია. ოფიციალური მიზეზი უამინდობაა. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ზემო ლარსთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, ვლადიკავკაზში ძლიერი თოვლი და ყინვაა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ზვავსაშიშროების შესახებ იტყობინებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც, უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ცოტა ხნის წინ კი უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მსუბუქი ავტომობილებისთვის გზის გახსნას უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.