ლატარიების გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ირაკლი ზარქუასა და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.
როგორც მომხსენებელმა ირაკლი ზარქუამ განმარტა, მოქმედი რედაქციის მიხედვით ლატარიის ორგანიზატორი აღარ იხდის მოსაკრებელს და იგი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ყოველკვარტალურად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახდელს - ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რაც არაგონივრულად ზრდის ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ ტვირთს.
ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპის ცვლილება ლატარიის ორგანიზატორს შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს დაზოგილი ფინანსური რესურსის რეინვესტირება და გაზარდოს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის მაჩვენებლები, რაც გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ მონაცემებს და შედეგად, ხელს შეუწყობს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ამ მიმართულების, ლატარიის ინდუსტრიის, განვითარებას.
კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.