ლატვიის საეიმის გადაწყვეტილებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო მოქალაქეებს მანქანები ჩამოერთმევათ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ. ამის შესახებ ლატვიური პორტალი RUS TVNET პრემიერ-მინისტრ კრისიანის კარინსის სიტყვებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ გასული წლის ნოემბერში ლატვიამ დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მანქანის მართვაზე, თუ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 1,5 ppm-ს აღემატება.
ნასვამ მდგომარეობაში მართვის ან ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების არსებობის ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ლატვიის კანონმდებლობა ავტომობილის ჩამორთმევას ითვალისწინებს. ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსის, არმანდს რუქსის თქმით, ასეთმა ზომებმა გზებზე სიტუაციის გაუმჯობესება გამოიწვია. გასულ წელს, საშუალოდ, კვირაში ნასვამ მდგომარეობაში მართვის დაახლოებით 70-80 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ წლის დასაწყისში პოლიციამ კვირაში 50-მდე ასეთი დარღვევა აღრიცხა.