კოჯორში ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკის ბედი გასხვისებიდან 4 თვის შემდეგაც გაურკვეველია. კომპანიაში, რომელმაც ეს ობიექტი აუქციონზე შეიძინა, ამ დრომდე არ იციან როგორ განავითარებენ რეზიდენციას, რომელიც 120 წლის წინ აშენდა. „იბეროტელის“დირექტორი ივანე ბარბაქაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანია ახლა შესწავლა-კვლევის პროცესშია. მათ აინტერესებთ, თუ რა ხარისხის მდგრადობა გააჩნია არქიტექტურულად გამორჩეულ შენობას. „იბეროტელში“ ჯერჯერობით ვერც იმას ამბობენ, მოხდება თუ არა ნეგებობებისთვის ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნება.
„აგარაკთან დაკავშირებით ინვესტორებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული. ამის მიზეზი არის ის, რომ ამ დრომდე შენობა-ნეგებობების მდგრადობის ხარისხს ვსწავლობთ. თუ ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები არა ამორტიზებულია, მის შენარჩუენბას მაქსიმალურად შევეცდებით. თუ შენობა ნაგებობა რეკონსტრუქციას ვერ გაუძლებს, მოვიფიქრებთ როგორ მოვიქცეთ, თუმცა რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. შენობები არქიტექტურულად ძალიან საინტერესოა, სწორედ ამიტომ არავინაა წინააღმდეგი იერსახის შენარჩუნების, აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მოგვცემს ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას“, - განაცხადა ივანე ბარბაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები კოჯორში 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 15 აპრილს 2 504 000 ლარად შპს „იბეროტელმა“ იყიდა. 1 კვ.მ მიწის ფასი 110 ლარი გამოდის. აუქციონში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ბიჯების რაოდენობა 434 იყო. კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულებები არ აქვს, თუმცა აუქციონის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.
შენობის საინტერესო ჩუქურთმები და ვიტრაჟული ფანჯრები ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს. მას ბევრი მითი და ისტორია უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, აგარაკი რუსეთის ბოლო მეფისნაცვლის მოღვაწეობის პერიოდშია აშენებული. ამ შენობაში 1921–24 წლებში რეპრესირებულთა დაობლებული ბავშვების თავშესაფარი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი კოჯორში ყველა შენობა საქალაქო სამმართველოს გადაეცა. მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული ლურჯი შენობა, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე ბავშვთა ბანაკი მოეწყო, მოგვიანებით კი ტერიტორია მიატოვეს და წლების განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა. შენობას ეს ეტყობა კიდეც - ჩალეწილია ფანჯრები, აყრილია იატაკი, კედლები დამწვარია, სახურავი კი ჩამოშლილია. განადგურებული შენობა ნელ-ნელა პირვანდელ იერსახისაც კარგავს. როგორ განავითარებს ახალი ინვესტორი განადგურებულ ისტორიულ შენობებს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.
ბაჩო ადამია