რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს საქართველოს „ანტი-რუსეთად“ გადაქცევის მცდელობაში ადანაშაულებს. კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24“-ის და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის „მორიგ გამაღიზიანებლად“ აქციოს და სიტუაცია „სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში“ დააბრუნონ.
ლავროვის თქმით სანქციებთან შეერთების მოთხოვნით დასავლეთის „უპრეცედენტო ზეწოლის“ პასუხად, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, რუსეთთან აქვს სავაჭრო ურთიერთობა, ტურიზმი და ირებს ენერგომატარებლებს. „დასავლეთის ზეწოლაზე“ საუბრისას ლავროვმა მოიშველია, როგორც თავად თქვა, საქართველოში გამოყენებული ტერმინოლოგია - „მეორე ფრონტის გახსნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოზიცია პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობას პოზიცია მოუწონა და ვაჟკაცობად შეუფასა 18 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზეც.