აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი ჯო ბაიდენმა დაიკავა და მისთვის პირველი გადაუდებელი პრობლემა პანდემიასთან დაკავშირებული სანიტარულ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება იქნება.
თუმცა, ძალიან მალე საგარეო საკითხებიც ამოტივტივდება და ბაიდენს რამდენიმე საკითხში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს.
საგარეო პოლიტიკაში მის წინაშე 4 ძირითადი გამოწვევა დგას: ჩრდილოეთ კორეის კონტინენთაშორისი რაკეტები, ირანის ბირთვული პროგრამა, ჩინეთისგან ტაივანის დაცვა და რუსეთის ოცნებები იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით.
ამ გამოწვევებზე ღირებული პასუხების გასაცემად, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს ბევრი ჭკუა, ტაქტი, სერიოზულობა და მოთმინება დასჭირდება, ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც მის წინამორბედს ხშირად არ ჰყოფნიდა.
2020 წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ყოველწლიურად გამდიდრებული ურანის 120 კილოს დაგროვებას ავალდებულებს. გარდა ამისა საკანონმდებლო ორგანომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან შემოწმებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
რა გამოდის? ირანი ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობას კვლავ იწყებს?
2015 წელს ირანმა ხელი ვენის შეთანხმებას მოაწერა, რომელიც თეირანის მხრიდან ატომური ბომბის შექმნაზე უარის თქმას საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ გულისხმობდა. მაგრამ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, ამ საკითხისადმი მიდგომა მკვეთრად შეცვალა, შედეგად ამერიკა ამ შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა.
პარალელურად ევროპულმა და სამრეთ კორეულმა კომპანიებმა ვაშინგტონის მხრიდან შურისძიების შიშით, ირანთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.
ამ ფონზე ირანის შედარებით ლიბერალური პრეზიდენტი ჰასან როუჰანი კონსერვატორების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. გამოიჩენს თუ არა ბაიდენს საკმარის ენერგიას და გამბედაობას იმისთვის, რომ როუხანის, რომლის ვადაც 2021 წლის ივლისში იწურება, რაიმე მომგებიანი გარიგება შესთავაზოს? ამას დრო გვიჩვენებს.
მეორე საკითხია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დიდი საჩუქარი მიართვა, მის მიმართ ისეთი ყურადღება გამოიჩინა, როგორიც მას აქამდე არასდროს უნახია და რომლისკენაც ის დიდხანს მიისწრაფოდა. თემა იგივე იყო, რაც ირანთან აკავშირებით, ატომურ იარაღზე უარის თქმა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ.
თუმცა, ვაშინგტონმა ამ საკითხში საკმარისი სერიოზულობა და თანმიმდევრულობა ვერ გამოიჩინა და დიალოგი ჩიხში შევიდა.
ჩინეთს ბაიდენის ადმინისტრაცია ისევე არ ენდობა, როგორს ტრამპის. ბილ კლინტონის დროინდელი ჩინურ-ამერიკული თანამშრომლობა საბოლოო ჯამში სტრატეგიულ, პოლიტიკურ, კომერციულ, ტექნოლოგიურ და ფინანსურ პაექრობაში გადაიზარდა. შედარებით სუსტ მდგომარეობაში მყოფი ამერიკა პეკინის კომუნისტური დიქტატურის მიერ ვაშინგტონისთვის მსოფლიო ლიდერის როლის წართმევას ვერ აიტანს.
დღეს არაა გამორიცხული, რომ ჩინეთი ტაივანის ძალით დაპყრობას შეეცადოს და ამ დროს უმნიშვნელოვანესი სწორედ ამერიკის პოზიცია იქნება. რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი? პასუხი ამ კითხვაზე გაურკვეველია.
ბოლოს კი - რუსეთი. მოსკოვისადმი ამერიკის პოლიტიკას რეალიზმის და გარკვეულობის დეფიციტი ყოველთვის ახასიათებდა. ბაიდენს მოუწევს ნატო-ს მე-5 პუნქტისადმი ერთგულების დადასტურება, ეს სწორედ ის პუნქტია, რომელიც გარე აგრესიის შემთხვევაში მოკავშირე-ქვეყნის გადარჩენას გულისხმობს.
ამ ნაბიჯით ამერიკა აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს. მაგალითად, პოლონეთს და ბალტიისქვეყნებს დაამშვიდებს. თუმცა, პარალელურად ბაიდენს მოუწევს სანქციების არაეფექტურობის აღიარება, დასავლეთი რუსებისთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების წაკითხვით დროს ტყუილად კარგავს.
თუ დასავლეთს თავის სივრცეში მოსკოვის დაბრუნება სურს, ეს შესაძლებელია მხოლოდ ვაჭრობის და დიპლომატიური კომპრომისების გზით, საქართველოს და უკრაინის „ფინლანდიზაციით“, განიარაღებით, ბრძოლით ისლამიზმის წინაამღდეგდა ა.შ.
რეალიზმი და გარკვეულობა - სწორედ ესაა, რაც დონალდ ტრამპს აკლდა. ვნახოთ, გამოავლენს თუ არა ამ თვისებებს ჯო ბაიდენი.
თენგიზ აბლოთია
წყარო: Le Figaro