საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი ვილი სანიოლის დანიშვნას პოპულარული გამოცემა ფიგარო გამოეხმაურა:
...ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძალიან ხანმოკლე (სულ ერთი მატჩი - რედ) გამოცდილებიდან 3 წლის თავზე ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და სულ მალე, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება...
ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. სანიოლი მუშაობას მომდევნო კვირიდან შეუდგება. დიახ, მისი ბოლო სამწვრთნელო პრაქტიკიდან 3 წელი გავიდა - 2017 წლის 1 ოქტომბერს მან ბაიერნს ჰერტასთან მატჩში (2:2) უხელმძღვანელა. ახლა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი (59 მატჩი ეროვნულ გუნდში) სათავეში ჩაუდგა გუნდს, რომელიც ფიფას რეიტინგში 89-ე ადგილზეა.
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, - განაცხადა სანიოლმა სპეციალურ ფეისბუქმიმართვაში. მას შემდეგ, რაც 2018 წელს ტელევიზიიდან (RMC Sport) წავიდა, სადაც კონსულტანტად მუშაობდა, სამსახური აღარ ჰქონია და ამ დროს, ის იღებს შანსს და ფეხბურთში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
ეს მისი მესამე გამოცდილება იქნება საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებისა (მოიგო მატჩების 75 პროცენტი 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტის ჩათვლით) და ბორდოში (88 მატჩი, მოიგო მატჩების 40 პროცენტი) 2-წლიანი მუშაობის შემდეგ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შინაარსიანი დისკუსიისა და თავად ნაკრების პოტენციალიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მიმეღო ეს გამოწვევა. ბევრი შრომის, დისციპლინისა და ძლიერი ნებისყოფის ხარჯზე, ერთად შევძლებთ, ახალი ფურცელი დავწეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, - ამბობს სანიოლი.
ის შეცვლის ვლადიმირ ვაისს, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობდა. ის იქნება მე-8 უცხოელი და, მათ შორის, მეორე ფრანგი მწვრთნელი ამ გუნდის საჭესთან ალენ ჟირესის (2004-05) ხანმოკლე გამოცდილების შემდეგ. ბორდოს (აქაც ბორდო!) ყოფილი ფეხბურთელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.
სანიოლი თავის საქმიანობას შვედეთთან სტოკჰოლმის მატჩით იწყებს, რის შემდეგაც მისი ახალი გუნდი, რომელიც 4-მილიონიან ნაციას წარმოადგენს, ესპანეთს უმასპინძლებს, - წერს ფიგარო.
lelo.ge