თითქმის 2 წლიანი გამოძიების შემდეგ ქალაქ რენის პროკურორმა ფილიპ ასტრიუკმა 16 თებერვალს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის შესახებ განაცხადა.
ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მიერ კონტროლირებადი ქართული მაფიის 15 წევრს ბინების ძარცვის და ფულის გათეთრების ბრალდებები უკვე წაუყენეს.
პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილ იქნა გასაყიდად გამზადებული ნაქურდალი ნივთები - ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელი, პარფიუმერია და ტყავის ნაკეთობები, რომლებიც უკვე შეფუთული იყო. ასევე პოლიციელებმა სპეციალური ჩანთები ამოიღეს, რომლებშიც ლითონის ფოლგა მაღაზიიდან მოპარული საქონლის შეუმჩნევლად გატანის შესაძლებლობას იძლეოდა.
გარდა ამისა სამართალდამცავებმა კარების და სეიფების გახსნისთვის საჭირო მოწყობილობა, სპეციალური გასაღები, რომლითაც კრიმინალები მანქანებს იტაცებდნენ, სანადირო თოფი, ვაზნები, ჯავშანჟილეტი, ძვირფასეულობა და 53 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღეს.
რენის პროკურატურის ინფორმაციით, დაჯგუფება ბელგიიდან უკანონოდ შემოტანილი კონტრაბანდული სიგარეტებით ვაჭრობდა, ბინებს არა მხოლოდ რენში, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძარცვავდა.
„პოლიციის ამ ოპერაციამ „კანონიერ ქურდებს“ მაფიის ძალიან იერარქიული, პირამიდული და კლანური სტრუქტურა გამოავლინა“ - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კომისარმა სონა ფიბლეიმა.
რენის პროკურატურის ინფორმაციით, ამ ტიპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები 20-ან წლებში, საბჭოთა ციხეებში შეიქმნა, სადაც პარალელური საციხო იერარქია ჩამოყალიბდა, ერთგვარი პირამიდა, რომლის სათავეშიც კანონიერი ქურდები იდგნენ.
„ისინი ძალიან მობილურები არიან, მასაში ძალიან ადვილად იკარგებიან. ამ ტიპის დაჯგუფებების სპეციალიზაციაა ქონების მითვისება, ქურდობა მაღაზიებში, სახლების და ოფისების ძარცვა. მათ კანონიერი ქურდები აკონტროლებენ, რომლებსაც ქცევის გარკვეული კოდექსი აქვს და რომლებიც ამ სტატუსს სამუდამოდ იღებენ“, - ამბობს სონია ფიბლეი.
მისი თქმით, ქურდებს იერარქიაში მეორე ადგილზე მყოფი „მაყურებლები“ ეხმარებიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცალკეულ რაიონებში სიტუაციას აკონტროლებენ.
„ასეთი რეგიონული ხელმძღვანელები მძარცველებს და სახვა კრიმინალებს აკონტროლებენ, მათ ასევე დავალებების შემსრულებლები, ძირითადად არალეგალი მიგრანტები, ჰყავთ. „მაყურებლები“ ასევე კადრების განყოფილებების უფროსების და რეგიონალური მენეჯერების როლებს ასრულებენ, დაჯგუფებაში დისციპლინას ამყარებენ და დავალებებს არიგებენ. ორგანიზაციის ყველა წევრი ვალდებულია ძარცვით, ან სხვა უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი საერთო ყულაბაში, „ ობშაკში“ გადარიცხოს“ - განაცხადა პოლიციის კომისარმა.
მისი თქმით, ქურდული სამყაროს წინაამღდეგ საქართველოში და რუსეთში მკაცრი კანონები მოქმედებს, რის გამოც მათი დიდი ნაწილი მდიდარ დასავლეთ ევროპაში გადაბარგდა. თუმცა, პანდემიამ და კარანტინმა მათი გადაადგილება შეაფერხა, რამაც თავის მხრივ, კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.
ქართული ქურდული მაფია განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთში. 2019 წელს რეგიონ პროვანსის სასამართლომ ქართველ კახაბერ შუშანაშვილს 2010 წელს მარსელში კონკურენტი-დაჯგუფების წევრის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
შუშანაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი იყო, თუმცა, ასეთი ჯერ კიდევ ბევრი გარეთაა დარჩენილი.
წყარო: lemonde.fr