ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ რუსეთში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა - ქვეყანა ასეთი მდიდარი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მისი მოქალაქეები ყოველწლიურად ღარიბდებიან.
პანდემიური 2020 წლის გარდა, რუსეთის ბიუჯეტი მკვეთრად გამოხატულად პროფიციტური ან დაბალანსებულია, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან შესაშურ 18% არ აღემატება, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $618 მლრდ-ს მიაღწია - ეს თანხა ქვეყანას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში 2 წელი ეყოფა.
მეორეს მხრივ, 2012 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება და 2021 წელს 13,1%-ს შეადგენს, ხოლო რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტოს როსსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 62%-ს შემოსავალი საკმარისია მხოლოდ საკვების და ტანსაცმლის შეძენისთვის.
მდიდარი რუსეთი, ღარიბი რუსები - ეს ახალი პარადოქსი არაა, თუ ვისაუბრებთ სამეფო კარის სიმდიდრესა და გლეხების სიღატაკეზე, თუმცა, უკვე 21-ე საუკუნეა და პუტინის რეჟიმი თავის მოქალაქეებს პირველ რიგში არა ნაციონალიზმის და მილიტარიზმის გაღვივებას, არამედ აყვავებას ჰპირდებოდა.
2008 წელს, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, განაცხადა, რომ 2020 წელს რუსეთში საშუალო ხელფასი თვეში 2700 დოლარს მიაღწევს, მაგრამ დღეს, 2021 წელს ეს დაპირება უკვე არავის ახსოვს.
მოქალაქეთა სიღარიბის მთავარი მიზეზია რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა და მისი უკიდურესი დამოკიდებულობაა გაზის და ნავთობის ექსპორტზე.
„ეს მოდელი ეკონომიკურ ზრდას ხელს არ უწყობს და მას თითქმის არაფერი მოაქვს მოსახლეობისთვის. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სისტემისგან მეტ-ნაკლებად მოგებული საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, რომელთა შემოსავლები გაიზარდა. კერძოს სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა კი გაუარესდა“, - მიიჩნევს რუსი ეკონომისტი ევგენი გონტმახერი.
რუსეთი ღრმად გაყოფილი ქვეყანაა - შვეიცარიული ბანკის CreditSuisse-ის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 1% ფლობს ეროვნულ სიმდიდრეთა 60%-ს მაშინ, როდესაც საფრანგეთში - 22%. უთანასწორობა ასევე რეგიონულ ხასიათს ატარებს - 85-დან 72 რეგიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან დოტაციებზეა დამოკიდებული - ასეთ რეგიონებში საშუალო ხელფასი 200 ევროა, მაშინ როდესაც მოსკოვში - 5-ჯერ მეტი.
გონტმახერის აზრით, მთავრობს მთავარი საზრუნავია მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების პირობებში არამდგრადია.
„პუტინს და მთავრობას არ სჯერათ, რომ შესაძლებელია ეკონომიკა უფრო ეფექტური გახდეს. მათი მოტივაცია თავისებურად რაციონალურია - სანამ გაზი იყიდება და ადამიანები ქუჩაში პროტესტებით არ გამოდიან - რა აზრი აქვს რამის შეცვლას? სანამ დროა, შევაგროვებთ რეზერვებს და შემდგომ კრიზისს მომზადებულები დავხვდებით“, - ამბობს ეკონომისტი. პოლიტოლოგ ფიოდორ კრაშენინიკოვის თქმით, რუსული ელიტის წარმოდგენით, ფული რეზერვებში - პირადად მათია და ის უნდა გამოყენებულ იქნას სერიოზულ საქმეებში - სირიაში, ლიბიაში, და ა.შ., და არა ვიღას მეწარმეების დასახმარებლად, რომლებსაც ისინი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ.
პრობლემად რჩება ასევე საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ხარჯვა, მათ შორის პუტინის ძვირადღირებული „ეროვნულ პროექტებზე“. ტენდერებზე კონკურენციის არარსებობა სახელმწიფო ხარჯებში კორუფციის მაღალ დონეს წარმოქმნის.
„სახელმწიფო მანქანის ეფექტურობის ზრდა ღრმა რეფორმებს მოითხოვს, მაგალითად, სასამართლო ან საგადასახადო სფეროში, მაგრამ ხელისუფლების კონსერვატიზმმა ისეთ სიღრმეს მიაღწია, რომ ნებისმიერი რეფორმა დაუშვებელ რისკ-ფაქტორად მიიჩნევა, - ამბობს ევგენი გონტმახერი.
ამის გამო შემოსვლების გადანაწილების ერთადერთ საშუალებად რჩება ერთჯერადი ფულადი დახმარების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისთვის.
რუსეთის მთავრობაში ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებიც არიან და ისინი უკმაყოფილებას არ მალავენ - ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა ინფლაციასთან დაკავშირებული რისკების ზრდის და ცხოვრების დონის ვარდნის გამო შეშფოთებას ღიად გამოხატავენ.