34 წლის წინ, 1988 წლის დეკემბერში, მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა An-225 Mriya-მ პირველი ფრენა განახორციელა.
თვითმფრინავი თავდაპირველად შექმნილი იყო კოსმოსური ხომალდის Buran-ის გადასატანად, თუმცა An-225 რამდენჯერმე გამოიყენეს საჩვენებელი ფრენებისთვის, მათ შორის 1989 წელს პარიზის საჰაერო შოუზე.
An-225-ის კომერციული ოპერირება სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო. მისი ზომისა და ტევადობის გამო, თვითმფრინავი აქტიურად გადაჰქონდა სხვადასხვა დიდი ტვირთი. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელი იყო 50 ავტომობილის განთავსება. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონა იყო, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა.
ერთადერთი An-225 Mriya 2022 წლის 27 თებერვალს, რუსმა აგრესორებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გოსტომელში გაანადგურეს. ბორტი რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიწვა.
ბოლო თვეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ მეორე An-225 Mriya თვითმფრინავის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ლეგენდარულ „ოცნების“ ლაინერს ჩაანაცვლებს. როგორც Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი გავრილოვმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, ახალი Mriya უკვე 30%-ით მზადაა. სამუშაო ფარულ ადგილას მიმდინარეობს. მეორე An-225 უზრუნველყოფილი იქნება როგორც ახალი ნაწილებით, ასევე დაზიანებული თვითმფრინავის ნაწილებით, - აღნიშნა გავრილოვმა.
მეორე Mriya-ს მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ დაფინანსების მოძიებაში კომპანიას ლაიფციგის/ჰალის საერთაშორისო აეროპორტიც ეხმარება. რუსების მიერ განადგურებული An-225 აღნიშნული აეროპორტის ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ავიაკომპანია Antonov-ი სწორედ ამ აეროპორტშია, დროებით, ბაზირებული.