კონსტრუქციის საბავშვო კომპლექტების დანიური მწარმოებელი, Lego რუსეთში კომერციულ საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა, Inc კომპანიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რაც Lego-ს რუსული განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, ევგენი ჩიხაჩევმაც დაადსტურა.
„საოპერაციო გარემოში მიმდინარე მნიშვნელოვანი შეფერხების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთში განუსაზღვრელი ვადით კომერციული საქმიანობა შევწყვიტოთ,“ - აცხადებს ჩიხაჩევი. ის განმარტავს, რომ საუბარია Lego-ს მოსკოვის გუნდის უმრავლესობის საქმიანობისა და რუსეთში კომპანიის მაღაზიების მმართველ Inventive Retail Group-თან პარტნიორობის შეწყვეტაზე. ჩიხაჩევმა, ასევე განაცხადა, რომ Lego-ს მოსკოვის განყოფილებამ ანაზღაურების გადახდით უკვე 70 თანამშრომელი გაათავისუფლა.
Lego-ს სერტიფიცირებული მაღაზიების ქსელი, „მირ კუბიკოვ“ რუსეთში 2009 წელს გაიხსნა და 81 მაღაზიისგან შედგებოდა. ქსელს Inventive Retail Group მართავდა. თავის მხრივ, Inventive Retail Group-ში (IRG) აცხადებენ, რომ თუ Lego-სა და IRG-ის შორის ხელშეკრულება შეწყდება, IRG საქონლის გაყიდვას Lego-ს ბრენდის ქვეშ ვეღარ შეძლებს და ბრენდი ოფიციალურად რუსეთის ბაზარს დატოვებს.
მარტის დასაწყისში Lego-მ თავისი პროდუქციის რუსეთში მიწოდება უკრაინის ომის გამო დროებით შეაჩერა. ასევე, ივნისის დასაწყისში კომპანიის ქსელში, „მირ კუბიკოვ,“ რამდენიმე მაღაზია საქონლის ნაკლებობის გამო დაიხურა. მოგვიანებით მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პარალელური იმპორტის საქონლის სიას Lego-ს კომპლექტებიც დაამატა. ეს Inventive Retail Group-ს თეორიულ შესაძლებლობას აძლევდა, Lego-ს „ნაცრისფერი“ კომპლექტები მაღაზიებში გაეყიდა, თუმცა ამისთვის მათი სახელის შეცვლა მოუწევდა.
SPARK-ის მონაცემებით, 2021 წელს Lego-ს რუსული განყოფილების შემოსავალმა 19 მლრდ რუბლს (322 527 250 დოლარს) გადააჭარბა, ხოლო წლიური სუფთა მოგება 63%-ით, 1,8 მლრდ რუბლამდე (30 526 213 დოლარამდე) გაიზარდა.
bpn.ge