მსოფლიოში უმსხვილესი გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი Coca-Cola Company, რომელიც ფლობს ბრენდს Sprite-ს, გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, სასმელებს მწვანე პლასტმასის ბოთლებით აღარ გაყიდის. აღნიშნულის შესახებ განცხადება Coca-Cola-ს გადამუშავების კომპანია R3CYCLE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულიან ოჩოამ გააკეთა.
„ბოთლიდან ფერის ამოღება გადამუშავებული მასალის ხარისხს აუმჯობესებს ... ერთხელ გადამუშავების შემდეგ, Sprite-ის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლები შეიძლება შემდგომაც გადამუშავდეს, რაც ხელს შეუწყობს პლასტმასის ბრუნვის ეკონომიას“, - განუცხადა ოჩოამ CNN-ს.
როგორც CNN აღნიშნავს, მწვანე ჭურჭელში ჩამოსხმული Sprite-ს სასმელები ბაზარზე 60 წელზე მეტია რაც იყიდება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება ასევე შეამჩნიოს განახლებული ლოგო და Sprite-ის შეფუთვის დიზაინი.
ტრადიციული მწვანე ფერი დარჩება ეტიკეტებზე. Coca-Cola-ს კომპანიის ასორტიმენტის სხვა სასმელების ბოთლებს, რომლებიც იყენებენ მწვანე საღებავს, როგორიცაა Fresca, Seagram's და Mello Yello, ასევე შეეცვლებათ ფერი. ცვლილებები ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.