რუსთავში წყალმომარაგების სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქის მერია კომპანია „რუსთავის წყალს“ მიმართავს და უმოკლეს ვადაში გეგმის წარდგენას სთხოვს, თუ როგორ აპირებს არსებული სიტუაციის გამოსწორებას.
„ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი ამ თემაზე კომპანიის წარმომადგენლებთან, მოსმენილი გვაქვს არაერთი არგუმენტი, კარგად ვაცნობიერებთ იმ ტექნიკურ სირთულეებსაც რის წინაშეც კომპანია დგას, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებთ მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას სასმელი წყლის მიწოდების, უკვე თითქმის სისტემატიური შეფერხების გამო.
ველოდებით რეალურ გეგმას კომპანია ,,რუსთავის წლისგან'', რომელიც ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულებას ვერ ასრულებს“, აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „რუსთავის წყალი“ რუსთავის და გარდაბნის მოსახლეობას, ორგანიზაციებს და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.