ლევან ალაფიშვილმა უზენაეს სასამართლოში დავა მოიგო, საქმე ეხება 2018 წელს დაწყებულ ტექინსპექტირების სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც აკრედიტაციის გავლის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს შეეზღუდა და საქმიანობის განხორციელების საშუალება მხოლოდ ბაზარზე არსებულ, ან შერჩევაში მონაწილე კომპანიებს ეძლეოდათ.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას იურისტმა ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ნათქვამი უარი, რომ ის არ განიხილავდა ახალი კომპანიის აკრედიტაციის განაცხადს, არაკონსტიტუციური და არასამართლიანი იყო.
„საკითხზე მივმართეთ როგორც საქალაქო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ნათქვამი უარი, რომ ის არ განიხილავდა ახალი კომპანიის აკრედიტაციის განაცხადს, რომელსაც ავტომობილების ტექინსპექტირების სფეროში საქმიანობა სურდა, იყო კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს სასამართლოსგან მითითება მიეცა, მასზედ, რომ ყველა აკრედიტაციის განაცხადი, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში ბიზნესს წარმოებას ეხებოდა, უნდა ყოფილიყო განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და მონოპოლისტურ კომპანია „გრინ ვეის“ შორის კონტრაქტი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, თუმცა უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ აკრედიტაციის ცენტრისთვის ყველა განაცხადის განხილვა არის სავალდებულო და კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.