რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის პერიოდში კლინიკებში ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა, რაც მისი თქმით, გარკვეულწილად შტამის ცვლილების მიმდინარეობასაც უკავშირდება.
„განსაკუთრებით მესამე ტალღის პირობებში, ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა კლინიკებში. საქმე იმაშია, რომ ამ დამძიმების გამომწვევი იყო ალბათ შტამის განსაზღვრული ცვლილებაც, მიმდინარეობის მიხედვით, იმიტომ, რომ თუ ჩვეულებისამებრ მე-8-10 დღეს ხდებოდა ძირითადი გართულებების გამოვლენა, ახლა მე-10-12 დღეს გადაინაცვლა ამ პიკმა და ბუნებრივია ამ ფონზე უფრო მძიმე კლინიკური ფორმები გამოვლინდა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 345 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 328 620, გარდაიცვალა 4 804 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
imedinews.ge