იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილ გამოეხმაურა.
„ახლახანს მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. უკონკურენტო არჩევნების საუკეთესო ტრადიციები სასამართლოში გაგრძელდა თსუ-ს მერე. შეგიძლიათ ახლა თქვენც ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.
„ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის“.
„მადლობა კოლეგებს, რომ ხელახლა ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ვიყო საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის არის ჩემზე მეტი გამოცდილების და კვალიფიკაციის მოსამართლე. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის როგორც მისი, ისე ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებით და ფაქტებით არ დასტურდება, უბრალოდ გარკვეულ ძალებს, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორი, აწყობთ სასამართლოს თემით მანიპულირება, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ. იმისთვის, რომ მოსამართლის მიმართ მსგავსი ბრალდებები გააჟღერო, აუცილებელია მყარი მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტების მითითება, რასაც უკვე წლებია ამ ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომაც, ამით არის განპირობებული ჩვენი კოლეგების ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ლევან მურუსიძის და ჩემი კანდიდატურის მიმართაც“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ლევან მურუსიძეს კი მიაჩნია, რომ „სასამართლოს თემის ხელზე დახვევა“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.
„ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე, მთავარი პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, ეს არის გადატვირთულობა, მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდა 1-2 დღეში, თუმცა უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ უახლოეს დროში მოსახლეობის წინაშე პირნათელი წარვსდგეთ, ჩავაბაროთ ანგარიში, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge