თეა წულუკიანის უწყება ლევილის ქართული აკადემიის (ლევილის მამულის) ტერიტორიაზე არსებული „გუშაგის სახლის“ შესაბამისი ავეჯით, ავეჯის აქსესუარებით და ქსოვილის ნივთებით აღჭურვას უზრუნველყოფს. ამ მიზნით კულტურის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის წესით 2930 ევროს ღირებულების ნივთებს შეიძენს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამინისტრო „გუშაგის“ სახლისთვის შეიძენს:
- კარადა 1ც;
- საწოლი 2ც;
- მატრასი 2ც;
- მაგიდა 1ც;
- სკამი 4ც;
- საბანი 2ც;
- ბალიში 4ც;
- ქვაბების კომპლექტი 1ც;
- თეფშების ნაკრები 1ც;
- დანა/ჩანგლების კომპლექტი 1ც;
უწყების ცნობით, ამ დროისათვის „გუშაგის სახლის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოები 31 მაისისთვის დასრულდება და რადგანაც მას გარდა საცხოვრისის დანიშნულებისა, ადმინისტრაციული ფუნქციაც გააჩნია, მისი სათანადო ავეჯით დროულად გაწყობაც მნიშვნელოვანია.
უკვე ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე უნდა იცხოვროს და იმუშაოს ლევილის მამულის ადმინისტრატორმა, რათა სრულფასოვნად, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად მართოს პროცესი მამულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, „გუშაგის სახლში“ უნდა იცხოვროს ასევე დარაჯმა.
საფრანგეთში არსებული პრატქიკიდან გამომდინარე საქონლის შეკვეთის, დამზადების,მოწოდების და აწყობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საქონლის მოწოდების ვადა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით.