ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა, ამ სიაში 31 პირია, რომლებიც ლიეტუვის ხელისუფლების აზრით, ბელარუსში არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან.
იმისათვის, რომ აღნიშნულ სიას იურიდიული ძალა მიეცეს, იგი ლიეტუვის შს სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.
Imedinews.ge