ლირა ვარდნას განაგრძობს. ორშაბათს, 13 დეკემბერს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 14 ლირას გადააჭარბა თა თბილისის დროით 11:00 სთ-ზე 14.47-ს მიაღწია, რაც 2005 წლის დენომინაციის შემდეგ აქამდე არასდროს მომხდარა. წლის დასაწყისიდან დღემდე ლირა დოლართან მიმართებაში 95%-ით, ბოლო 16 წელიწადში კი 900%-ით გაუფასურდა.
2005 წელს ანკარამ ეროვნული ვალუტის დენომინაცია მოახდინა და მას 6 ნული ჩამოაშორა (10 წლით ადრე 1995 წელს თბილისმა კუპონი ლარით ზისტად ასე ჩაანაცვლა და 1 300 000 კუპონი 1.3 ლარს გაუთანაბრა). განახლებული ლირა კურსს მეტ-ნაკლებად 7 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 2.00-იან ნიშნულს პირველად 2013 წელს გადასცდა, 3.00-იანს 2015 წელს, 2018 წელს პირდაპირ 6.00-იანს, 2020 წელს 8.00-იანს, ხოლო ფსიქოლოგიურ 10.00-იან ნიშნულს 2021 წლის ნოემბერში.
ბოლო დეკადაში ლირის ვარდნა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდებოდა ხოლმე. თურქეთს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაეძაბა. ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ ფეთხულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას 5 წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვს. აშშ სირიაში ქურთებს უჭერს მხარს და იარაღითაც ამარაგებს, თურქეთისთვის კი აღნიშნული ნაბიჯი სეპარატიზმის წახალისებაა. ანკარის მხრდიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S400-ების შეძენას ვაშინგტონის მხრიდან მეხუთე თაობის გამანადგურებლების F35-ების მიწოდებაზე ემბარგო მოჰყვა.
ოქტომბერში ახალი სკანდალი დაკავაბული ბიზნესმენ ოსმან კავალას გარშემო აგორდა. დიპლომატებმა ანკარას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რის გამოც ერდოღანმა 10 ქვეყნის: აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის ელჩების გაძევება გადაწყვიტა, თუმცა მას შემდეგ, რაც იმავე ელჩებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ თურქეთის შიდა საქმეებში არ ერეოდნენ, ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა.
ნოემბერში მონეტარული პოლიტიკის შერბილების მცდელობამ ლირას დამატებითი დარტყმა მიაყენა. წინა კვირებში თურქეთის დიდი ქალაქების სავალუტო ჯიხურებთან რიგები შეინიშნებოდა. პანიკის გამო მოსახლეობა კიდევ უფრო მეტ ვარდნას ელის და ბევრი მათგანი დოლარის შესყიდვას ცდილობს.
თურქეთი საქართველოსთვის #1 საიმპორტო პარტნიორია. მისი წილი იმპორტში 10 თვის მონაცემებით 17.8%-ს, ორმხრივი ბრუნვის წილი კი 14.8%-ს შეადგენს. სხვა თანაბარ პირობებში ლირის გაუფასურება თურქული პროდუქციის გაიაფებას და იმპორტის მოცულობის ზრდას უნდა იწვევდეს. თუმცა საქართველოში ლირის ვარდნას ლარის ვარდნაც მოჰყვებოდა ხოლმე. 2018 წლის აგვისტოში ლირა დოლართან მიმართებაში 4.90-დან 6.65-მდე გაუფასურდა, იმავე პერიოდში დოლარის ღირებულება 2.45 ლარიდან 2.64 ლარამდე გაიზარდა. 2019 წლის მარტიდან მაისამდე ლირა 5.47-დან 6.07-მდე გაუფასურდა, პარალელურად ლარის კურსიც 2.67-დან 2.80-მდე შეიცვალა. 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ლირა 7.35-დან 8.51-მდე გაუფასურდა, ლარი კი, შესაბამისად, 3.07-დან 3.36-მდე. ლირის გაუფასურება პირდაპირ ლარის გაუფასურებას ვერ გამოიწვევს. წინა მოვლენები ნაწილობრივ შეიძლება ცრუ მოლოდინებით ყოფილიყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი „საგარეო ფაქტორები“ უბრალოდ თავის სამართლებელ მიზეზად იყო დასახელებული.
რაც შეეხება ლარში გამოხატულ ლირის კურსს, 2005 წლის იანვარში, დენომინაციის მომენტში 1 ლირა 1.36 ლარი ღირდა, 5 წლის შემდეგ 2011 წლის იანვარში - 1.15 ლარს, 2016 წლის იანვარში 82 თეთრს, 2021 წლის იანვარში 44 თეთრს შეადგენდა, 13 დეკემბრის ოფიციალური კურსი 22 თეთრია. მიმდინარე კურსი უკვე 21 თეთრი.
საქართველოს ფულად გზავნილებში თურქეთი მე-7 ადგილს იკავებს. ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში $8.5 მლნ, წლის პირველ 10 თვეში კი $88 მლნ გადმოირიცხა. გზავნილებში მისმა წილმა 4.7% შეადგინა. ლირის ვარდნა გზავნილის მოცულობას ამცირებს. თუ იანვარში თურქეთიდან გამოგზავნილი 1000 ლირა 440 ლარი იყო, დღეს ის 210 ლარია.
გიორგი ელიზბარაშვილი