თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულებამ უკვე 15 ლირას გადააჭარბა. წლის დასაწყისში კურსი 7.4 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან დღემდე თურქული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 104%-ით გაუფასურდა.
ლირის ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს, დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება, არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ერდოღანის განცხადებები და ცენტრალური ბანკის მმართველი ხშირი ცვლა პრობლემას ვერ აგვარებს. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც ინფლაციის ტემპი საქართველოზე მაღალია, მან წელს უკვე 20%-ს გადააჭარბა.
წინა პერიოდებისგან განსხვავებით ლირის ვარდნას ლარის გაუფასურება არ მოჰყოლია. სხვა თანაბარ პირობებში სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის ვარდნას, ამ ქვეყნიდან იმპორტის გაიაფება უნდა მოსდევდეს და არა ვალუტის გაუფასურება. ლარი თუნდაც იმის მესამედით რომ გაუფასურებულიყო, როგორც ლირა გაუფასურდა, ახლა 1 დოლარის ფასი 4.40 იქნებოდა.
ლირის ვარდნა ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. თუ იანვარში 1000 ლირა 440 ლარი იყო ახლა მხოლოდ 204 ლარია, თუ ადგილობრივ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ მისი მსყიდველუნარიანობა 182 ლარამდე მცირდება.