2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ მწერალს, ანი ერნოს გადაეცა. ნობელის კომიტეტის ცნობით, ჯილდო მწერალს გადაეცემა „გამბედაობისა და გამორჩეული სიმკვეთრისთვის, რომლითაც იგი აშიშვლებს პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ შეზღუდვებს.“
ამჟამად ერნო 82 წლის არის, ის მწერლობამდე მასწავლებელი იყო.
ანი ერნოს ლიტერატურული დებიუტი 1974 წელს შედგა ავტობიოგრაფიული რომანით „ცარიელი კაბინეტები“ (Les Armoires vides). 1984 წელს მან რენოდოს პრემია მიიღო მორიგი ავტობიოგრაფიული რომანისთვის „ადგილი“ (La Place)
მწერალი რომანებში წერს მშობლების სოციალურ პროგრესზე, თინეიჯერობის წლებზე, ქორწინებაზე, აღმოსავლეთევროპელ მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე, აბორტზე, ალცჰაიმერის დაავადებაზე, დედის გარდაცვალებაზე თუ მკერდის კიბოზე.