დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ში „რაც შეიძლება მალე“ უნდა გაწევრიანდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრასმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი „მტკიცედ“ დაუჭირა და დასძინა, რომ მათი „შეერთება ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს“.
„ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან, როგორც ნატოს ახალ მოკავშირეებთან მუშაობას და მზად ვართ, მათ გაწევრიანების პროცესში ჩვენი დახმარება შევთავაზოთ. ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების დეკლარაციები, რომელთაც შვედეთთან და ფინეთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას ხელი მოეწერა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე და ცალსახა ერთგულებას ორივე ქვეყნის მიმართ, ამ პროცესში და მის მიღმა“, - ნათქვამია ლიზ ტრასის განცხადებაში.