ინგლისისა და უელსის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
4 იანვარს ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება შეუძლებელია მისი სიცოცხლისთვის არსებული რისკის გამო. თუმცა, ამერიკულ მხარეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ დროის ამოწურვამდე ასანჟი კვლავ პატიმრობაში დარჩება.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
imedinews.ge