ჩინეთში ბოლო ორ თვეში უფრო მეტი კოვიდინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე ბოლო ორ წელიწადში. პეკინს ვირუსთან ცხოვრება არ სურს და დღემდე ნულოვანი კოვიდის სტრატეგიას მისდევს, რაც ინფიცირების ერთეული შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაშიც კი 10-15 მლნ-იანი ქალაქების ჩაკეტვის საფუძველი ხდება. ლოქდაუნები კი, მაშინაც კი თუ ის ლოკალურია და დროებითი ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ახალი რეგულაციების შედეგად, ჩინეთში სამრეწველო წარმოება 2.9%-ით, საცალო გაყიდვები კი პროგნოზირებული 6.6%-ის ნაცვლად 11.1%-ით შემცირდა. 2020 წლის თებერვალში ვარდნა 22% იყო. 2021 წლის მარტოდან მაისამდე შუალედში კი ზრდის ტემპი 30%-ს აჭარბებდა.
მარტის ბოლოს შანხაი ჩაიკეტა. ქალაქში 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს და უდიდესია ჩინეთში. შანხაის პორტი წლიურად 43 მლნ კონტეინერს ემსახურება, რაც მას სიდიდით მსოფლიოში #1 პორტად აქცევს.
ნულოვანი კოვიდსტრატეგია, პრეზიდენტ სი ძინ პინის არჩეული კურსია, რომელსაც ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა სურს, რისთვისაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებასაც არ ერიდება.
პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, ეს მაშინ, როცა მთავრობა 5.5%-იან ზრდას მოელოდა. შეზღუდვების გამკაცრების ფონზე ზრდის ტემპი მეორე კვარტალში სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
ომის გამო წელს უკრაინის ეკონომიკა განახევრდება, სანქციების შედეგად ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იან შემცირებას ელიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი ომისა და ენერგორესურსების გაძვირების გამო ეკონომიკური აქტივობა ევროპასა და ამერიკაშიც შემცირებულია, მათ რიცხვს განსხვავებული მიზეზის გამო მაგრამ მაინც პლანეტის #2 ეკონომიკა ჩინეთიც შეემატა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს გლობალური ეკონომიკა დაგეგმილზე 0.7%-ით ნაკლებად გაიზრდება. შეფასება ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებს ეფუძნება, განახლებული პროგნოზი მაღალი ალბათობით უფრო პესიმისტური იქნება.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა მინუსში არ გავა, მაგრამ ზრდის ტემპის მკვეთრი შემცირება, პარალელურად მაღალი ინფლაცია და უმუშევრობის ზრდა უკვე სტაგფლაციაა, რაც ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა.