გერმანია ლუდის მოყვარულთა ქვეყნად ითვლება. ქვეყანაში 2019 წელს 85,2 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი გაიყიდა. პანდემიის შემდეგ გაყიდვები კვლავ გაიზარდა, თუმცა ბოლო პერიოდში სახეზეა ლუდის გაძვირება.
გერმანიის ლუდსახარშების ასოციაციამ მომხმარებლები უკვე გააფრთხილა: ლუდის ფასი ისევ გაიზრდება. ამის მიზეზი ყველა პროდუქტზე ფასების ზრდაა, რამაც ლუდსახარშებს ხარჯები გაუზარდა. ენერგომატარებლების გარდა, კომპანიებს აქვთ მკვეთრად გაზრდილი ხარჯები როგორც ნედლეულზე და წინასწარ წარმოებაზე (ლუდის ნახევარფაბრიკატები), ასევე პერსონალზე და ლოჯისტიკაზე.
ბევრმა კომპანიამ ფასების ზრდაზე უკვე განაცხადა. სხვები კიდევ გეგმავენ, მაგრამ ზოგადად, სამწლიანი უწყვეტი კრიზისის შემდეგ, ინდუსტრია აშკარად უფრო გამძლეა, ვიდრე ადრე.
მწარმოებელთა მტკიცებით ლუდის გაყიდვების უმნიშვნელო აღდგენის ნიშნები სახეზეა. ლუდის წარმოების მოცულობა, რომელმაც 2022 წლის პირველ თერთმეტ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ითაა გაზრდილი და საანგარიშო პერიოდში 81,2 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. თუმცა, პანდემიამდელი მაჩვენებელი 85.2 მილიონი ჰექტოლიტრი იყო. ლუდის გაყიდვების მონაცემებს მთელი 2022 წლისთვის ფედერალური სტატისტიკის სამსახური თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.