ლუდის სექტორი წელს 2-3%-იან ზრდას ვარაუდობს, — ამის შესახებ „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, წინა წლის მსგავსად 5%-იანი ზრდა წელს მოსალოდნელი არ არის, თუმცა მაჩვენებლები 2023 წელსაც კარგი იქნება.
„სექტორი დინამიურ განვითარებას გააგრძელებს, თუმცა შარშანდელის მსგავს ზრდას წელს არ ველოდებით. 2022 წელს ლუდის ბაზრის მოცულობამ 125 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც ვფიქრობთ რომ წელს მინიმუმ შენარჩუნდება, ან შესაძლოა 3%-მდე გაიზარდოს კიდეც.
შეაიძლება ითქვას, რომ ლუდის ინდუსტრიისთვის 2022 წელი კარგი იყო. მოთხოვნის ზრდის კუთხით მთავარი მიზეზები პოსტპანდემიური პერიოდი და ომია, რის გამოც საქართველოში მიგრანტების დიდი რაოდენობით შემოსვლა მოხდა.
მნიშვნელოვანია, რომ ლუდის ბაზარზე გადანაწილდა სეგმენტაცია, თუ პანდემიის პერიოდში საზოგადოება უპირატესობას ეკონომიურ პაკეტს ანიჭებდა, ახლა აქცენტი მინის ბოთლსა და ქილაზე კეთდება. გარდა ამისა გაიზარდა მოთხოვნა დიდი მოცულობის, 50 ლიტრიან კასრებზე, რადგან ჰორეკა სექტორი გამოცოცხლდა“, — აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2022 წელს კომპანია „ნატახტარმა“ 100 მლნ ლიტრი სასმელი ჩამოასხა, მათ შორის ლუდი და ლიმონათი, ხოლო ექსპორტზე დაახლოებით 50 მილიონი ლიტრი სასმელი გაიყიდა.