გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ზამთრის განრიგის 33 000 რეისით შემცირებას გეგმავს, რაც მთლიანი გეგმიური ფრენების, დაახლოებით, 10%-ია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აღმასრულებელი დირექტორი, კარსტენ შპორი ამბობს, რომ ჯავშნების რაოდენობა, განსაკუთრებით იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე მკვეთრად შემცირდება.
„მგზავრები, პირველ რიგში, შიდა ბაზრებზე გვაკლია, როგორიც არის გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და ბელგია, რადგან ეს ქვეყნები პანდემიის ტალღით ყველაზე მეტად დაზარალდნენ”, - აცხადებს კარსტენ შპორი.
მისი თქმით, ავიაკომპანია, 2019 წლის პანდემიამდელ წელთან შედარებით, ფრენების მხოლოდ 60%-ს და იმასაც მგზავრების თითქმის ნახევრით ახორციელებს.
„Lufthansa თავისი რეგულარული ფრენების დაწყებას იმიტომ კი არ გეგმავდა, რომ მათზე მოთხოვნა იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მინიმალური რაოდენობა, რაც მთავარი აეროპორტების ასაფრენ ბილიკებზე ადგილის შენარჩუნებას სჭირდება,“ - აცხადებს შპორი.
გაუქმებული რეისების მიუხედავად, კომპანიას ზამთარში 18 000 დამატებითი, არასაჭირო რეისის განხორციელება მოუწევს, რომ აეროპორტებში აფრენასა და დაფრენაზე უფლება შეინარჩუნოს.
Lufthansa, თავისი ავიაკომპანია Eurowings-ით, Austrian-ით, Swiss-ითა და Brussels Airlines-ით, ევროპაში უმსხვილესი ჯგუფია. პანდემიის მძიმე პერიოდის შემდეგ, კომპანიამ პირველი მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნახა.
Lufthansa-მ რამდენიმე რეისზე ფრენა იმის გამოც შეაჩერა, რომ ბევრი მისი პილოტი კორონავირუსით დაინფიცირდა.
BPN.GE