ანტუან არნო Christian Dior SE-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ეს არის ჰოლდინგ კომპანია ლუქს კლასის მწარმოებელი კომპანიის - LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA-ს, რომლის მფლობელიცაა ბერნარ არნო.
ანტუანი ამ დრომდე გახლდათ კაცის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Berluti-ს ხელმძღვანელი და ის Christian Dior-ში ჩაანაცვლებს სიდნი ტოლედანოს, რომელიც თავის მხრივ უბრალოდ პოსტიდან გადადგება.
როგორც MarketWatch-ი აღნიშნავს, Christian Dior-ი დღეისათვის LVMH-ის სააქციო კაპიტალის 41%-ს და საარჩევნო აქციების 56%-ს ფლობდა, თავის მხრივ Christian Dior-ის აქციების უმრავლესობას კი არნოების ოჯახი ფლობს.
ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მიმდინარე კვირას Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მან მოკლე დროით გაასწრო ილონ მასკსაც. არნოს 5 შვილი ჰყავს და ყველა მათგანს უკავია მმართველი პოზიციები LVMH-ის დიდ იმპერიაში. მისი ქალიშვილი ანტუანა დელფინა შედის Christian Dior-ის დირექტორთა საბჭოში და გახლავთ მოდის სახლ Louis Vuitton-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვაჟი ალექსანდერი მუშაობს ანალოგიურ პოზიციაზე საიუველირო ბრენდში Tiffany, ფრედერიკი გახლავთ Tag Heuer-საათების წარმოების ხელმძღვანელი, ხოლო უმცროსი ვაჟი ჟანი კომპანიის მარკეტინგს ხელმძღვანელობს და ახალი პროდუქტების მიმართულებაზე მუშაობს Louis Vuitton-ის მაჯის საათებისთვის.