M²-მა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის გზავნილია - „იცხოვრე შენი ცხოვრებით,“ პოეტ რატი ამაღლობელთან საუბრების ფონზე წარმოადგინა.
როგორც პრეზენტაციაზე კომპანიის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა დუმბაძემ თქვა, მთავარ გზავნილს მასტიმულირებელი მესიჯბოქსი მოჰყვება - „იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია“. მისი განმარტებით, თანამედროვე, დაჩქარებულ და მომავლის ბუნდოვანებით მარკირებულ 21-ე საუკუნეში ადამიანებს ნაკლები დრო და სივრცე რჩებათ საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრებისთვის. ამიტომ, M²-მა 15 წლის თავზე ბრენდის ღირებულებები გადააფასა და გადაწყვიტა, რომ მთლიანად ორიენტირებული იყო ადამიანსა და მის ინდივიდუალიზმზე.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ისეთი სივრცეები შევქმნათ, ისეთი პროექტები განვახორციელოთ და ისეთი მომსახურება შევიმუშაოთ, რომლითაც ადამიანებს საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზაციასა და თავისი ცხოვრების სტილის განხორციელებაში დავეხმარებით. სახლი კი საკუთარი ცხოვრების შექმნისა და რეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. ყველა პროექტი, ინოვაციური უბანი თუ მომსახურება, რასაც კომპანია ქმნის და მომავალში შექმნის, ორიენტირებულია ინკლუზიურ მოთხოვნებზე, ადამიანის სურვილებისა და ინდივიდუალური ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე,“ - განაცხადა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე ირინა დუმბაძემ.
პოეტმა რატი ამაღლობელმა შეხვედრაზე აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები და ცნობილი ლიტერატურული გმირები, თუნდაც - ავთანდილი და ალუდა ქეთელაური, საკუთარი თავისა და მისწრაფებების ძიებას და რამხელა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ იმისათვის, რომ ოდისევსივით ბოლოსდაბოლოს საკუთარ სახლში, ისევ და ისევ, საკუთარი თავის საპოვნელად დაბრუნდნენ.
რატი ამაღლობელის თქმით, ადამიანი თავის თავს და თავის ცხოვრებას ყველაზე მეტად ლიტერატურაში აღმოაჩენს და ლიტერატურა, არქიტექტურა და ცხოვრება ერთმანეთს მრავალმხრივ ეხმიანება.
„ადამიანი თავის თავს, თავის ცხოვრებას ყველაზე მეტად ლიტერატურაში, პერსონაჟებსა და იმ გზაში აღმოაჩენს, რომლის გავლაც თითოეულ გმირს ამა თუ ტექსტში უწევს. ამიტომ, საკუთარი თავის და ცხოვრების პოვნა სწორედ ლიტერატურასთან, წიგნებისა და გმირების პოვნასთანაა დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ ლიტერატურა სწორედ ამ თემებს კრავს და ყველაფერი ბმაშია. ლიტერატურა, არქიტექტურა და ცხოვრება ერთმანეთს მრავალმხრივ ეხმიანება,“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა