2020 წელს, ლოქდაუნების შედეგად ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 83%-ით $542 მლნ-მდე შემცირდა, 60-70 პროცენტით იკლო რესტორნების ბრუნვამაც. ქსელური რესტორნის „მაჭახელა სამიკიტნოს“ შემოსავალი 19.7 მლნ-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა.
შემოსავლებთან ერთად მაჭახელას ხარჯებიც შეუმცირდა კერძოდ: რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 10 მლნ-დან 3.3 მლნ-მდე შემცირდა, პერსონალის ხელფასი 5.5 მლნ-დან 1.4 მლნ-მდე, ადმინისტრაციის ხელფასი 423 ათასიდან 97 ათას ლარამდე, იჯარის საფასური 3.5 მლნ-დან 1.2 მლნ-მდე, კომუნალური გადასახადები 1 მლნ-დან 570 ათას ლარამდე, საწვავის ხარჯი 32 ათასიდან 5 ათას ლარამდე, ჭურჭელი და სხვა ინვენტარი 193 ათასიდან 24 ათას ლარამდე. საბოლოო ჯამში ხარჯები შემოსავალზე მეტად შემცირდა, რის გამოც თუ 2019 წელი მაჭახელამ 3.5 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა, 2020 წელს ზარალი მხოლოდ 885 ათასი ლარი იყო.
მაჭახელა 2011 წლის თებერვალში შპს-ს სახით დაფუძნდა. 2012 წლის მაისში ვანო სტურუამ დავით ინგოროყვასგან 50%-იანი წილი გამოისყიდა და კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
2020 წლის იანვარში მაჭახელა თბილისის მასშტაბით 16 რესტორანს ფლობდა, მაგრამ წლის განმავლობაში 7 მათგანის დახურვა მოუწია.
მდგომარეობა უკეთესი არც სხვა რესტორნებისთვისაა. წისქვილი ჯგუფის შემოსავალი 13.5 მლნ-დან 6.7 მლნ ლარამდე შემცირდა, 2 მლნ ლარიანი მოგება კი 3.8 მლნ-იანი ზარალით შეიცვალა. „ბეღელის“ შემოსავალი 2.5 მლნ-დან 1.4 მლნ-მდე შემცირდა, ზარალი 52 ათასიდან 245 ათას ლარამდე გაიზარდა.
რესტორნების დიდ ნაწილს Reportal-ზე ანგარიშგება არ აქვს წარდგენილი, არ აქვს განახლებული ან არ აქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
2021 წლის შედეგები ცნობილი შემდეგ წელს გახდება ის 2020-თან შედარებით უკეთესი უნდა იყო, მაგრამ რადგან იანვარ-თებერვალში რესტორნები ისევ დაკეტილი იყო, მაისამდე კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან იწყებოდა და მძლავრი ანტივაქსერული განწყობების ფონზე დეკემბრიდან დეკემბრიდან შემოღებულმა მწვანე პასპორტებმა მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, ის 2019-ის მსგავსი მაინც ვერ იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურიზმი მხოლოდ 30%-ით აღდგა.
გიორგი ელიზბარაშვილი