დანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Maersk რუსეთში ოპერაციების შეწყვეტას განაგრძობს, რომ ქვეყანა საბოლოოდ დატოვოს. ამის შესახებ კომპანიის მეორე კვარტლის ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მასში, ასევე, ნათქვამია, რომ „რუსეთიდან და რუსეთში ყველა რეისი შეჩერებულია, ხოლო აქტივების გაყიდვის პროცესი გრძელდება.“ ამ აქტივებს შორის Maersk კომპანია Global Ports Investments-ში თავის მინორიტარულ, 30,75%-იან წილსაც ყიდის.
Moeller-Maersk კონტეინერების გადაზიდვისა და პორტების მენეჯმენტში მსოფლიო ლიდერია. ჯგუფი მთელს მსოფლიოში 70-ზე მეტ საკონტეინერო ტერმინალს ფლობს. მისი ფლოტი 786 გემისგან შედგება.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში Maersk-ის შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა და 21,7 მლრდ დოლარს მიაღწია, ასევე, 10,3 მლრდ დოლარამდე გაორმაგდა გადასახადამდე და ცვეთა-ამორტიზაციამდე მოგება (Earnings Before Interest, Taxes, Depreciation, and Amortization- EBITDA), ხოლო პროცენტამდე და გადასახადამდე მოგება (Earnings before interest and taxes-EBIT) 2,2-ჯერ გაიზარდა, რამაც 8,9 მლრდ დოლარი შეადგინა.
Maersk წელს მოელის, რომ კომპანიის EBITDA, დაახლოებით, 37 მლრდ დოლარს, ხოლო EBIT, თითქმის, 31 მლრდ დოლარს მიაღწევს.