სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 9%-მდე შეამცირა.
სპეციალისტების მოაზრებით, ცენტრალური ბანკის ქმედება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აზრთან, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85.5% შეადგინა, რაც ბოლო 25 წლის უმაღლესი ნიშნულია. ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები 3.54%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში ფიქსირდება.
Goldman Sachs-ის თანახმად, ცენტრალურმა ბანკმა ასევე მოახდინა ინტერვენციების სერია სავალუტო ბაზარზე ლირას გასაძლიერებლად, მარტიდან სექტემბრამდე მან დახარჯა თავისი რეზერვების მინიმუმ 17,9 მილიარდი დოლარი.