„ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, საუბარია 600 მილიონის მოცულობის სესხებზე და 500 მილიონის დეპოზიტებზე, რომელიც გადავიდა „ვითიბიდან“ „ბაზისბანკში“, ხოლო 600 მილიონზე მეტი ღირებულების საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი „ვითიბიდან“ „ლიბერთი ბანკში“.
ვითიბი ბანკში სესხის აღების და დეპოზიტის განთავსებასთან ერთად აღარც გზავნილების მიღება/გაგზავნაა შესაძლებელი. აქამდე გზავნილები Western Union-ს, Intel Express-ს, ზოლოტაია კორონას, KoronaPay-ს და MoneyGram-ის მეშვეობით ხორციელდებოდა. გარდა ამისა, მომხმარებელთა ბარათებით თანხა ბანკომატებში აღარ ნაღდდება. მომხმარებელს სავალუტო ოპერაციებიც ეზღუდებათ და მათ ბანკიდან მხოლოდ ლარის გატანა შეუძლიათ, მათ შორის დეპოზიტების შემთხვევაში. ბანკის კომერციული კურსი კი საბაზრო ფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სავალუტო სპრედი 20-30 თეთრის ფარგლებშია.
„ვითიბის ბანკის“ ლიცენზიის გამოთხოვაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ბანკს სებ-ში უცხოურ და ლარში მოზიდულ სახსრებზე რეზერვები უკვე აღარ აქვს.